
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მხარეები მზად არიან ომის დასასრულებლად.
„პატივია ძალიან ძლიერ ლიდერთან ერთად ყოფნა, კაცთან, რომელმაც ბევრი გადაიტანა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და ნამდვილად კარგი ურთიერთობა გვაქვს“, – განაცხადა ტრამპმა ზელენსკიზე საუბრისას.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ გუშინ სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და დაადასტურა, რომ მასთან შეხვედრას უნგრეთში, ბუდაპეშტში გამართავს.
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგი პროგრესი გვაქვს. ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ ომში და ჩვენ ამას დავასრულებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის შეთანხმების მიღწევისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ტრამპის დახმარებით შესაძლებელი იქნება უკრაინაში ომის დასრულება.
„მე ვფიქრობ, ეს არის იმპულსი რუსეთის ომის დასასრულებლად უკრაინის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ პუტინი მზად არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი დახმარებით შევძლებთ ამ ომის შეჩერებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრები გამართა ამერიკულ ენერგეტიკულ და სამხედრო კომპანიებთან, რომლებიც მზად არიან, დაეხმარონ უკრაინას ინფრასტრუქტურის აღდგენასა და საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში.
ამასთან, თეთრ სახლში მიმდინარე შეხვედრისას, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ პუტინს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ორგანიზებით შეხვდება.
„ეს არის ქვეყანა, რომელიც უსაფრთხოა. ვფიქრობ, ის იქნება ძალიან კარგი მასპინძელი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ, სავარაუდოდ, ეს იქნება ორმხრივი შეხვედრა პუტინთან, თუმცა მისივე თქმით, ზელენსკი საქმის კურსში იქნება.
„ძალიან ბევრი სისხლია ამ ორ პრეზიდენტს შორის და ეს ძალიან რთული სიტუაციაა. ამ ორ ლიდერს ერთმანეთი არ უყვარს და ჩვენ გვინდა, ყველასთვის კომფორტული გარემო შევქმნათ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
0
0