
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება უკრაინის მიერ მოსკოვზე თავდასხმების იდეას.
ამის შესახებ დღეს ტრამპმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, „უნდა იყოს თუ არა ზელენსკი აგრესიული“, ტრამპმა უპასუხა: „არა, მან არ უნდა დაუმიზნოს მოსკოვს“.
დონალდ ტრამპმა ასევე უარყო უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გაგზავნის განზრახვები: „არა, ჩვენ ამას არ ვაპირებთ“, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია.
„ვნახავ, რა მოხდება პრეზიდენტ პუტინთან. 50 დღის შემდეგ თუ შეთანხმება არ იქნება, ეს ძალიან ცუდი იქნება. ტარიფები შემოვა და სხვა სანქციებიც“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ აძლევს პუტინს კიდევ 50 დღეს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებისთვის, ტრამპმა უპასუხა: „არ ვფიქრობ, 50 დღე ბევრია. შეიძლება, უფრო ადრეც მოხდეს“.
ამასთან, კითხვაზე, იცავს თუ არა დონალდ ტრამპი ახლა უკრაინის მხარეს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „მე არავის მხარეს არ ვარ“. ტრამპის განმარტებით, ის „კაცობრიობის მხარეს არის“.
0
0