
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება მხოლოდ მისი დამსახურებით იქნება შესაძლებელი.
მისივე თქმით, ომის შემდეგ უკრაინა „ოდნავ განსხვავებულ ფორმას მიიღებს“. ამის შესახებ ტრამპმა ტელეარხ CBS-ის გადაცემა „60 წუთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ინტერვიუსას ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს მშვიდობის დამყარების მთავარ დაბრკოლებაზე ჰკითხა.
„ეს იყო სიძულვილი ზელენსკისა და პუტინს შორის. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა. ამის ნულოვანი შანსია, მაგრამ დაიწყო. ანუ ეს ომი მემკვიდრეობით მივიღე. მჯერა, რომ გარიგებას ძალიან ახლოს ვართ“,- აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, ვის უფრო ენდობა – ვლადიმერ პუტინს თუ ვოლოდიმირ ზელენსკის. ტრამპის თქმით, ორივესთან კარგი ურთიერთობა აქვს.
„მჯერა, რომ ეს ომი მალე დასრულდება. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დასრულდება, მე ვარ. პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის უზარმაზარი სიძულვილია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიმართ მასზე მკაცრი არავინ ყოფილა.
„შეხედეთ ჩვენს ვაჭრობას. შეხედეთ, რა გავაკეთე ვაჭრობაში სანქციებითა და სხვა ყველაფრით. დიზელზე სანქციები არ მომიხსნია. რუსეთს საშუალება მივეცი, არა ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის მიეწოდებინა ათასობით და ათასობით ბარელი ნავთობი, დიზელი. დიდი სამსახური არ გამიწევია “,- განმარტა ტრამპმა.
ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, ელოდება თუ არა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინა თავისუფალი და დამოუკიდებელი დარჩება.
„ვფიქრობ, ამას მივაღწევთ, ვფიქრობ, ეს მოხდება და საბოლოოდ უკრაინა ოდნავ განსხვავებული ფორმით დარჩება”,- განმარტა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელთა დამარცხება ირანის ომის მიმართ საზოგადოების უკმაყოფილებით, ბენზინის გაძვირებითა და „ცუდი მესიჯებით“ ახსნა.
ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს სთხოვა, გაეანალიზებინა ორი წლის წინანდელი „ისტორიული“ გამარჯვება და ახლანდელი „ისტორიული“ მარცხი.
„ვფიქრობ, ბიულეტენში მე რომ ვყოფილიყავი, ვითარება სრულიად განსხვავებული იქნებოდა, რადგან პოპულარობისა და სიყვარულის დონეს თავადაც ხედავდით. სიყვარული იყო. მასშტაბური დემონსტრაციები გვქონდა. ომი არ მოეწონათ. არ მოეწონათ, რომ ბენზინი გაძვირდა. არის გასაოცარი ანტიპათია ისრაელის მიმართ“.- აღნიშნა ტრამპმა.
0
0