
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ავალდებულებს იუსტიციის დეპარტამენტს, გამოაქვეყნოს ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული ყველა მასალა.
„ჯეფრი ეპშტეინს, რომელსაც 2019 წელს ბრალდება ტრამპის იუსტიციის დეპარტამენტმა წაუყენა (და არა დემოკრატებმა), იყო დემოკრატი მთელი ცხოვრების განმავლობაში, ათასობით დოლარი შესწირა დემოკრატ პოლიტიკოსებს და ჰქონდა მჭიდრო კავშირები მრავალ ცნობილ დემოკრატთან. შესაძლოა, მალე გამოვლინდეს სიმართლე ამ დემოკრატებისა და მათი კავშირების შესახებ ჯეფრი ეპშტეინთან, რადგან მე ახლახან მოვაწერე ხელი კანონპროექტს ეპშტეინის ფაილების გასაჯაროების შესახებ“,- წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, იუსტიციის დეპარტამენტმა კონგრესს უკვე გადასცა 50 000-გვერდიანი დოკუმენტი.
„არ დაგავიწყდეთ – ბაიდენის ადმინისტრაციამ არ გადასცა დემოკრატ ეპშტეინთან დაკავშირებული არც ერთი ფაილი ან გვერდი. არც კი უსაუბრია მასზე“, – წერს დონალდ ტრამპი.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატიული პარტიის წევრებმა გაასაჯაროეს სექსუალურ სკანდალში მხილებული მილიარდერის, ჯეფრი ეპშტეინის ელექტრონული მიმოწერა, რომელშიც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენჯერმე არის ნახსენები. დონალდ ტრამპი ყოველთვის უარყოფდა ეპშტეინთან მიმართებით რაიმე კანონდარღვევის ჩადენას და აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ მოარული ჭორები დემოკრატიული პარტიის მიერაა აგორებული. ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს, სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
0
0