
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელის პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს უნდა რცხვენოდეს იმის გამო, რომ არ შეიწყალა ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი თაღლითობისა და ქრთამის აღების ბრალდებით.
თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ნეთანიაჰუ პასუხისმგებელი უსაფრთხოების იმ ხარვეზებზე, რამაც „ჰამასს“ 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის განხორციელების საშუალება მისცა, ტრამპმა უპასუხა, „ვფიქრობ, ყველა პასუხისმგებელია“.
„საშინელი რამ მოხდა. ხალხი გაკვირვებული იყო. ეს იყო მოულოდნელი თავდასხმა, რასაც არავინ ელოდა. თქვენ გყავთ პრეზიდენტი, რომელმაც უარი თქვა ნეთანიაჰუს შეწყალებაზე და უნდა რცხვენოდეს. მთავარი უფლებამოსილება, რომელიც ჰერცოგს აქვს, არის შეწყალება, ის კი ამას არ აკეთებს. თქვა, რომ ამის გაკეთება არ სურს. ვფიქრობ, ეშინია ძალაუფლების დაკარგვის. ისრაელელ ხალხს ნამდვილად უნდა რცხვენოდეს მისი. მისი საქციელი სამარცხვინოა, რადგან შეწყალებას არ გასცემს. ბიბი ომის დროს შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი იყო და ვფიქრობ, ისრაელის საუკეთესო მეგობარი ვიყავი, ვინც კი ოდესმე ჰყოლიათ. ის ძალიან ძლიერი იყო. ჩვენ მასთან ძალიან კარგად ვითანამშრომლეთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
0
0