
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯერ კიდევ შესაძლებელია ევროკავშირის მიმართ 35%-იანი ტარიფების დაწესება, თუ ბრიუსელი არ შეასრულებს აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციის დაბანდების შესახებ დაპირებას.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „სი-ენ-ბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მათ გამოისყიდეს თავისი ტარიფები, გადაიხადეს 600 მილიარდი დოლარი და ამის გამო შევამცირე ტარიფები 30-35%-იდან. რამდენიმე ქვეყანა კითხულობდა: „როგორ? ევროკავშირი ჩვენზე ნაკლებს იხდის? მე ვუპასუხე: „რადგან მათ მომცეს 600 მილიარდი დოლარი. დეტალები ასეთია: 600 მილიარდი შემიძლია, დავაბანდო ნებისმიერ რამეში, რაშიც მომინდება. მე შემიძლია გავუკეთო ამ ფულს რაც მომინდება. მიზანი კი ის იყო, რომ ისინი ჩვენ გვძარცვავდნენ მრავალი წლის განმავლობაში და დადგა დრო, რომ გადაიხადონ, მათ უნდა გადაიხადონ“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, ივლისის ბოლოს ევროკავშირმა და აშშ-მა გააფორმეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ევროპული პროდუქციის უმეტესი ნაწილის აშშ-ში ექსპორტი 15%-ით დაიბეგრება. ეს შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული ენეგომატარებლების შეძენას, ასევე აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციის დაბანდებას და დამატებით ამერიკული წარმოების სამხედრო ტექნიკის შესყიდვას.
0
0