
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა „მძლავრი და სასიკვდილო“ დარტყმები მიიტანეს ნიგერიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ „თრუს სოშიალში“ დაწერა.
მისი თქმით, აშშ-მა დარტყმები მიიტანა ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ტერორისტული დაჯგუფების კუთვნილ ინფრასტრუქტურაზე. ტრამპის თქმით, ნიგერიაში მოქმედი ტერორისტები „მრავალი წლის, თუ არა ასწლეულების განმავლობაში, სასტიკად ხოცავდნენ ხალხს და პირველ რიგში უდანაშაულო ქრისტიანებს“.
„მანამდე მე ვაფრთხილებდი ამ ტერორისტებს, რომ თუ ისინი არ შეაჩერებენ ხოცვა-ჟლეტას, მათ მოუწევთ ძვირი საფასურის გადახდა, და დღეს საღამოს ეს მოხდა“,- წერს დონალდ ტრამპი.
ტრამპის განცხადებით, მისი ხელმძღვანელობის პირობებში, „აშშ რადიკალური ისლამის აყვავებას არ დაუშვებს.“
ცნობისთვის, ნოემბრის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტი ამბობდა, რომ ნიგერიაში ქმედებებს რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა, მათ შორის ქვეყენაში სამხედრო ძალების შეყვანას ან ავიადარტყმებს.
„სიენენის“ ცნობით, 2025 წელს ნიგერიაში რელიგიურ ნიადაგზე რამდენიმე მასობრივი მკვლელობა მოხდა. აპრილში ნიგერიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ქრისტიანების კუთვნილ დასახლებებზე თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა. ივნისში სოფელ იელვატში, სადაც ძირითადად ქრისტიანები ცხოვრობენ, 100 ადამიანი მოკლეს.
ნიგერიაში ასევე ხშირია სკოლებიდან მოსწავლეების გატაცების შემთხვევებიც. ნოემბრის ბოლოს კათოლიკური სკოლიდან ტერორისტებმა გაიტაცეს 303 ბავშვი. მოგვიანებით მათი გათავისუფლება მოხერხდა. ბოლო 130 მოწაფე ტყვეობიდან 21 დეკემბერს გათავისუფლდა.
0
0
ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა
26/12/2025