27/04/2023
09:44
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი წინამორბედი, დონალდ ტრამპი ამერიკული დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„მე, შესაძლოა, ერთადერთი არ ვიყო, ვისაც დონალდ ტრამპის დამარცხება შეუძლია [2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში], თუმცა კარგად ვიცნობ ტრამპს და ვიცი, რა საფრთხეს წარმოადგენს ის ჩვენი დემოკრატიისთვის. ჩვენ უკვე გავიარეთ ეს გზა“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
25 აპრილს, დონალდ ტრამპი 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი ამერიკის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტია.
„ბაიდენი ამერიკის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტია. ვერავინ დაიჯერებს, რა ხდება. ასეთი დამაქცევარი და წარუმატებელი პრეზიდენტობის პირობებში, თითქმის წარმოუდგენელია, რომ ბაიდენმა არჩევნებში მონაწილეობაზე იფიქროს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
„მათ არჩევნები გააყალბეს. არჩევნებში თქვენი მხარდაჭერით ჩვენ დავამარცხებთ ჯო ბაიდენს 2024 წელს. ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს ეკონომიკას. ჩვენ გავანადგურებთ ინფლაციას. ჩვენ შევაჩერებთ ჩვენს სამხრეთ საზღვარზე შემოჭრას. ჩვენ აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის ღირსებას. ჩვენ თავიდან ავიცილებთ მესამე მსოფლიო ომის დაწყებას“, - განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
0
0