
25%-ია იმის შანსი, რომ პუტინთან შეხვედრა არ იქნება წარმატებული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
Fox Radio-სთან ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე სცენარი, რომელშიც შეხვედრა წარუმატებლად ჩაითვლება, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, ამის შანსი 25%-ია“.
„ეს შეხვედრა მეორე შეხვედრისთვის მზადებაა. მეორე შეხვედრა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ეს იქნება შეხვედრა, სადაც ისინი შეთანხმებას მიაღწევენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საზღვრებსა და მიწებზე „მიღება-დათმობა“ მეორე შეხვედრის დროს მოხდება. მისივე თქმით, ხვალინდელი შეხვედრა „ჭადრაკის თამაშს ჰგავს“.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა, რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს, თუ შეხვედრა კარგად არ დასრულდება.
„კი, ასე მოვიქცევი, თუ ეს არ მოგვარდება“, – განაცხადა ტრამპმა.
0
0