
ბრიტანულმა თავდაცვისა და უსაფრთხოების ანალიტიკურმა ცენტრმა უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრამდე პუტინის გეგმის დეტალები გამოააშკარავა, რომლებიც მის მიერ ხელმოწერილ რუსულ დოკუმენტებს ეფუძნება.
„პუტინის გეგმის მიხედვით, რუსეთს უკრაინაზე კონტროლის აღება 10 დღის განმავლობაში უნდა მოესწრო, ხოლო მისი ანექსია - მიმდინარე წლის აგვისტოსთვის,“ - განაცხადა ლონდონის თავდაცვითი კვლევების გაერთიანებულმა სამეფო ინსტიტუტმა (RUSI).
დიდი ბრიტანეთის არმიასთან დაკავშირებულ ანალიტიკოსთა კვლევების თანახმად, კრემლის გეგმების სრული მასშტაბის შესახებ რუსეთის ოფიციალური პირების მხოლოდ მცირე ჯგუფმა იცოდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მეთაურებმა და მათმა მოადგილეებმაც კი არ იცოდნენ უკრაინაში რუსული არმიის შეჭრისა და ოკუპაციის გეგმის შესახებ, ხოლო ტაქტიკურ სამხედრო ნაწილებს ბრძანებები ბოლო საათამდეც კი არ ჰქონდათ მიღებული.
დოკუმენტებში ასევე წერია, რომ რუსეთი გეგმავდა უკრაინის ელექტროსადგურების, აეროდრომების, წყალმომარაგების ქსელების, ცენტრალური ბანკისა და პარლამენტის შენობის დაკავებას; რუსეთის სპეცსამსახურებს კი უკრაინის ხელმძღვანელობის მოკვლა დაევალათ.
„როგორც ჩანს, ისინი ვარაუდობდნენ, რომ უკრაინის მთავრობის ოფიციალური პირები "ან გაიქცეოდნენ ქვეყნიდან ან ტყვედ ჩავარდებოდნენ რუსული არმიის მოულოდნელი შეჭრის შედეგად. უკრაინის სადაზვერვო სამსახური ასევე თვლის, რომ რივნისა და ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურების დასაკავებლად რუსეთი ბელარუსის საჰაერო სადესანტო დანაყოფების გამოყენებას გეგმავდა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის გეგმაში დეტალურადაა აღწერილი მოქმედებები უკრაინის ატომური ელექტროსადგურების ხელში ჩაგდების მიზნით: მათში რუსი ჯარისკაცების შესვლა, ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის თავიანთი კონტროლის ქვეშ მოქცევა და რადიაციული დაბინძურების რისკის მქონე ევროპული ქვეყნების დაშანტაჟება.
რუსეთი მასიურ სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებს თავდაპირველად უკრაინის სამხედრო ობიექტებზე გეგმავდა. რუსეთის კონტრდაზვერვის რეჟიმმა რამდენიმე უკრაინელი ჩინოვნიკის სია შეადგინა, რომელიც ოთხ კატეგორიად დაიყო: „პირები, რომლებიც უნდა მოკლან (მოეკლათ); პირები, რომლებიც უნდა დააშინონ (დაეშინებინათ); ნეიტრალურად მიჩნეული პირები, რომლებიც თანამშრომლობისთვის უნდა გადაიბირონ (გადაებირებინათ); ის პირები, რომლებიც მზად არიან (იქნებოდნენ) თანამშრომლობისთვის“. ოფიციალური პირები აპირებდნენ მოსახლეობის რეგისტრაციას კარდაკარ სიარულით და ფილტრაციის ბანაკებით.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ასევე გეგმავდა რეგიონის გუბერნატორებისა და ადგილობრივი ხელისუფლების იძულებით დათანხმებას თანამშრომლობაზე, ხოლო რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს დაევალა ადგილობრივი ოფიციალური პირების დატყვევება. გარკვეული დროის ფარგლებში, იგეგმებოდა მასწავლებლებისა და სხვა ოფიციალური პირების რუსეთიდან ჩამოყვანა „უკრაინელების ხელახალი განათლების“ დასაწყებად", - ნათქვამია ლონდონის თავდაცვითი კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის (RUSI) მიერ გავრცელებულ მასალაში.
0
0
ტრამპი ამბობს, რომ ის ნევროზული ადამიანია
20/12/2025