08/06/2023
11:59
პოლიტიკა
პრორუსი პოლიტიკოსი, მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი მიიჩნევს, რომ მისი ქვეყნის ხელმძღვანელობამ საქართველოს მაგალითი უნდა მიბაძოს, რომელმაც უარი თქვა რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტაზე. TASS-ის ცნობით, ამის შესახებ დოდონმა ტელეარხ „ექსკლუზივის“ ეთერში განაცხადა.
„ხელისუფლება უნდა შეთანხმდეს რუსეთში თავისუფალ ექსპორტზე და იმ პირობებში, როცა დასავლეთმა რუსეთის ფედერაციას სანქციები დაუწესა, სცადონ ჩვენი საქონლის მიწოდება იქაც და იქაც, როგორც ამას აკეთებს საქართველო. ეს გამოიწვევს ჩვენი ეკონომიკის ზრდას“, - განაცხადა დოდონმა.
„ხელისუფლების განცხადებები, რომ დსთ-სთან შეთანხმებები უნდა გაუქმდეს, რადგან ისინი ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს, სიცრუეა. განცხადებები, რომ ეს ხელშეკრულებები უნდა გაუქმდეს, თითქოს, ისინი არ მუშაობს, კიდევ უფრო დიდი ტყუილია. დსთ-სთან ხელშეკრულებების გაუქმება დამატებითი მძიმე, შესაძლოა, საბედისწერო დარტყმაც იქნება მოლდოვას ეკონომიკისთვის, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობისთვის. თუ ეს ბაზარი არ არსებობს, რა ვუყოთ ჩვენს საქონელს? ევროპა მათ არ იყიდის“, - განაცხადა დოდონმა.
მანვე სიცრუე უწოდა მოლდოვის ხელმძღვანელობის დაპირებებს 2030 წლისთვის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
0
0