01/09/2022
12:49
მსოფლიო
2004 წელს, ინგლისში, ნორვიჩის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, არქეოლოგებმა 800 წლისწინანდელი ჭის ფსკერზე 17 ცხედარი იპოვნეს. არქეოლოგები დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდნენ ექვსი ზრდასრულისა და 11 ბავშვის ნეშტის ვინაობას და, თუ რატომ აღმოჩნდნენ ისინი შუა საუკუნეების ჭაში.
ახლახანს, დნმ-ის თანმიმდევრობის სწრაფი ხერხის წყალობით, მეცნიერებმა შეძლეს ძვლებში არსებული დეტალური გენეტიკური მასალის ამოღება, რათა დაედგინათ, თუ როგორ დაიღუპნენ ეს ადამიანები. ექვსი ადამიანის გენომმა აჩვენა, რომ ოთხი მათგანიდან სამი და არის, რომელთაგან ყველაზე უმცროსი ხუთიდან ათ წლამდე იყო. გენეტიკური მასალის შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ ექვსივე აშკენაზი ებრაელები იყვნენ. მკვლევარები თვლიან, რომ ისინი ანტისემიტურ ძალადობას - სავარაუდოდ, 1190 წლის თებერვლის აჯანყებას - ემსხვერპლნენ.
დნმ-ის ანალიზმა ასევე საშუალება მისცა მკვლევარებს გამოეკვლიათ ჭაში ნაპოვნი ნეშტის - პატარა ბიჭის ფიზიკური თვისებები.
„მას სავარაუდოდ ცისფერი თვალები და წითური თმა ჰქონდა. ეს უკანასკნელი მახასიათებელია ევროპელი ებრაელების ისტორიული სტერეოტიპებისთვის,“ - თქვა ლონდონის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმის მთავარმა მკვლევარმა სელინა ბრეისმა.
ჭა ნორვიჩის შუა საუკუნეების ებრაულ კვარტალში მდებარეობდა. კვლევაში აღნიშნულია, რომ ქალაქის ებრაული თემის წევრები აშკენაზი ებრაელების შთამომავლები იყვნენ, რომლებიც ნორმანდიიდან ინგლისში უილიამ დამპყრობელმა ჩაიყვანა. ნაშთების რადიოკარბონული დათარიღებით ვარაუდობენ, რომ ცხედრები ჭაში (აჯანყებამდე) 1161-1216 წლებში აღმოჩნდნენ. ეს ის პერიოდია, რომელიც მოიცავს ინგლისში ანტისემიტური ძალადობის ზოგიერთ კარგად ნაცნობ ფაქტს, ასევე უკავშირდება 1174 წლის დიდ აჯანყებას, რომლის დროსაც მრავალი ადამიანი დაიღუპა.
0
0