
დნიპროში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა - მაშველებმა დაბომბილი კორპუსის ნანგრევების გაწმენდა დაასრულეს. ბოლო მონაცემებით, ოკუპანტების შეტევას 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის 6 ბავშვია.
ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 79 მოქალაქე, მათგან 16 ბავშვი. მაშველებმა 39 ადამიანი გადაარჩინეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვერ იპოვეს 25-მდე ადამიანი, რომლებიც დაბომბვის დროს კორპუსში უნდა ყოფილიყვნენ. მაშველებმა ზოგიერთი ცხედრის მხოლოდ ნაწილს მიაგნეს, ამიტომ, არსებობს შესაძლებლობა, რომ დაკარგულების პოვნა ვერ მოხერხდეს.
15 ადამიანის ცხედარი იდენტიფიცირებული არ არის. კორპუსში მცხოვრებ 4 ბავშვს ორივე მშობელი დაეღუპა, 2 ბავშვზე სახელმწიფო სამსახურები ზრუნავენ, რადგან მათ არ ჰყავთ ნათესავი, რომელიც შეიფარებს.
როგორც ცნობილია, რუსმა ოკუპანტებმა დნიპრო 14 იანვარს დაბომბეს, თავდასხმის შედეგად მთლიანად ჩამოინგრა კორპუსის ერთი ნაწილი. არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა Х-22 ტიპის რაკეტა გამოიყენეს.
0
0