
ჰონგ კონგელი მომღერალი კოკო ლი, დისნეის Mulan-ის როლის შემსრულებელი, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც კოკო ლის ოჯახის წევრები აცხადებენ, ვარსკვლავი, 5 ივნისს, ჰონგ კონგის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მანამდე, მომღერალმა საკუთარ სახლში თვითმკვლელობა სცადა.
მომღერლის უფროსი დები კეროლ და ნენსი ლიები სოციალურ ქსელში წერენ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ის დეპრესიით იტანჯებოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ კოკომ სამედიცინო დახმარება მოითხოვა და ყველაფერი გააკეთა დეპრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, სამწუხაროდ, ის დემონმა დაამარცხა“, - წერენ დები.
მომღერალმა და კომპოზიტორმა ვანგ ლიჰომმა Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კოკო ლის პატივი მიაგო და მას "ყველაზე დიდი ვარსკვლავი" უწოდა.
„მუსიკის ინდუსტრიაში კოკო ლიმ საერთაშორისო ბარიერები დაარღვია, რაც ვერცერთმა სხვა ჩინელმა მომღერალმა ვერ შეძლო“, - წერს ვანგ ლიჰომი.
კოკო ლი ჰონგ კონგში, 1975 წელს, დაიბადა. შემდეგ ის, დედასთან და დასთან ერთად, სან-ფრანცისკოში საცხოვრებლად გადავიდა და ზოგადი განათლებაც იქ მიიღო.
კოკო ლის ინგლისურენოვანი სიმღერა "Do You Want My Love", 1999 წლის დეკემბერში, Billboard's Hot Dance Breakouts-ის ტოპ ათეულში მოხვდა. დისნეის Mulan-ში კოკო ლიმ პერსონაჟი ფა მულანი განასახიერა და ფილმის თემატური საუნდტრეკის Reflection-ის მანდარინის ვერსია შეასრულა. მან ასევე შეასრულა ოსკარზე ნომინირებული საუნდტრეკი "A Love Before Time" ფილმიდან Crouching Tiger, Hidden Dragon [„ჩასაფრებული ვეფხვი, დამალული დრაკონი“].
0
0