
გიორგი მამარდაშვილი დისკვალიფიკაციის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა, ლა ლიგაში „ვალენსიას“ „რაიო ვალეკანოსთან“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა (0:0) და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახელეს.
საქართველოს ნაკრების მეკარე „ბარსელონასთან“ შეხვედრისას მოედნიდან გააძევეს და წინა მატჩი „ალავესთან“ გამოტოვა. ამჯერად კი ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურში კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო.
გიორგი მამარდაშვილმა კვლავ საიმედოდ ითამაშა და სამ ეპიზოდში გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. საბოლოოდ, კარი „მშრალად“ მე-13 შეხვედრაში შეინახა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა – სულ მიმდინარე სეზონში გიორგი მატჩის გმირად მეოთხედ აღიარეს.
„ვალენსია“ 46 ქულით მე-8 ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ევროსაგზურის მოპოვების შანსს ინარჩუნებს – ვალენსიელები კონფერენს ლიგის ზონაში მყოფ „ბეტისს“ ოთხი ქულით ჩამორჩებიან.
0
0