
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი საფრანგეთის მხრიდან უმაღლეს დონეზე დიალოგის განახლების სურვილს ვერ ხედავს.
„რუსეთსა და საფრანგეთს შორის მართლაც იყო კონტაქტები, შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ეს, სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში, ხელს შეუწყობს უმაღლეს დონეზე დიალოგის სწრაფად დამყარებას. ჯერჯერობით არ მიგვიღია არანაირი მინიშნება იმისა, რომ ასეთი სურვილი არსებობს, თუმცა ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება ბატონი მაკრონის განცხადებაზე რუსეთთან ურთიერთობების დამყარების აუცილებლობის შესახებ და ასეთ განცხადებებს დადებითად ვაფასებთ“, – აღნიშნა პესკოვმა.
ამასთან, კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა დიალოგს, რომელიც დაეხმარება რთული საკითხების მოგვარებას.
მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ მას სურს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დიალოგის „ორგანიზება“ ევროპელებთან ერთად, „ძალიან ბევრი თანამოსაუბრის“ გარეშე. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვთან აღადგინა დისკუსიის არხები ტექნიკურ დონეზე.
0
0