
მმართველი გუნდის საკადრო პოლიტიკის ხარვეზებზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურალისტებთან საუბრისას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად 2012 წელს იდგნენ ცვლილებების მხარეს, გვერდზე გადგნენ. როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, ამ ადამიანების დაფასება ჯეროვნად არ მოხდა.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ მმართველი გუნდი სავარაუდოდ გაითვალისწინებს შეცდომებს და საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის პროცესის შედეგად ისეთ ადამიანებს დაასაქმებს, რომლებიც ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ იმუშავებენ.
„2012 წელს მებრძოლი ხალხის უდიდესი ნაწილი (მაშინ არჩევნებში მონაწილეობა და ზოგადად, ბატონი ბიძინა ივანიშვილის გვერდში დგომა თითოეული ადამიანისთვის შეიცავდა სერიოზულ რისკებს), რომლებიც იმ პროცესებში მონაწილეობდნენ, დღეს ჩამოშორებულია გუნდს. მაგრამ ყველა არჩევნებზე მაინც მათ იმედად არის ხოლმე მმართველი გუნდი - ისინი გამოჩნდებიან, შემდეგ კი, გუნდში მათი ფასი თითქოს იკარგება. ამ ადამიანებიდან ბევრი დასაქმებული არ არის, ზოგიერთი საერთოდ ყურადღების მიღმა დარჩა. ასე რომ, მე ვფიქრობ, პრობლემაა, როდესაც პოლიტიკურ თანამდებობაზე ისეთი ადამიანი ჩნდება, რომელსაც არავითარი პოლიტიკური წარსული არ აქვს, ან პირიქით, შესაძლოა ოპონენტის ველიდან იყოს გადმოყვანილი. რატომღაც „ქართულ ოცნებას“ აქვს ერთი ასეთი მცდარი მიდგომა - ჩვენებს არ ჭირდებათ ზედმეტი ყურადღება, ისინი მაინც ჩვენები არიან და მოდი მოწინააღმდეგე ველის მიმართ გამოვიჩინოთ მეტი ყურადღება, იქნებ ისინი გახდნენ ჩვენი წევრები, თუმცა ისინი არასოდეს გახდებიან შენები.
პოლიტიკურ თანამდებობაზე როცა ადამიანი მოდის, სამი ძირითადი ფაქტორია აუცილებელი: მას უნდა ქონდეს ცოდნა და განათლება, ღირებულებები და პოლიტიკური წარსული. ის უნდა იყოს შენი გუნდიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არ ექნება ჯანსაღი დამოკიდებულება საკუთარი პოლიტიკური გუნდის წევრების მიმართ და ეს ასეც არის.
ასე რომ, მე ვფიქრობ ახლა, როცა იგეგმება ალბათ რეორგანიზაციები, ეს ნორმალური პროცესია, იმიტომ რომ განახლება ესეც ჩვეულებრივი საჭიროებაა, მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას" გაითვალისწინონ საკუთარი და სამშობლოს გვერდში მდგომი ადამიანები, ვისაც აქვთ მყარი ღირებულები და არა ის, რომ ნებისმიერი რყევის დროს საჯარო მოხელეების გარკვეული ნაწილი აღმოჩნდება იმ მიტინგზე, სადაც მხარს უჭერენ ქვეყნის რყევას. გახსოვთ ლბათ, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების დროს, როცა გაუმჭვირვალობა „უკეთესი“ ყოფილა ვიდრე გამჭვირვალობა. თუ საჯარო მოხელე გაუმჭვირვალობას უჭერს მხარს, თუ ის მხარს უჭერს იმას, რომ მოხდეს ქვეყნის რყევა, ჩამოშლა, თუკი კონსტიტუციური ორგანოების მიმართ ასეთი დესტრუქციული განწყობა აქვს მუდმივად, ეწევა პროპაგანდას სახელმწიფოს წინააღმდეგ, ეს არის სერიოზული პრობლემა. მე ხომ არ ვამბობ იმას, რომ მაინცდამაინც პოლიტიკური მხარდამჭერი უნდა იყოს ის. არა, ის სახელმწიფოს მხარდამჭერი უნდა იყოს და არ უნდა უჭერდეს მხარს დესტრუქციას. მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, ვისაც აქვს ერთგულება საკუთარი სამშობლოსა და მითუმეტეს ჯანსაღი პოლიტიკური გუნდის მიმართ, არ უნდა რჩებოდნენ ამ პროცესებს მიღმა და ეს ძალა მხოლოდ საარჩევნოდ არ უნდა იყოს გამოყენებული," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
0
0