
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შემუშავებულ კანონპროექტში, გარკვეული ცვლილებები შევიდეს. კონკრეტულად, მან გააკეთა დიფერენცირება ავტომობილების წლოვანების მიხედვით. ხუნდაძის სიტყვებით, კარგია, რომ დადგენილება შეიცვალა კანონპროექტით და სკითხი პარლამენტში განიხილება:
„რაც შეეხება იმას, რომ დადგენილება გაუქმდა, ცალსახად კარგია. მე მადლობა გადავუხადე კიდეც პრემიერს ამის გამო. ორი დადებითი მომენტია: ერთი ის, რომ აკრძალვას ჯობია არჩევანის დატოვება მოქალაქეებისთვის და ახლა უკვე მნიშვნელოვანია, თუ რა სახით იქნება ეს არჩევანი შეთავაზებული“ - განაცხადა დეპუტატმა.
ხუნდაძემ ხაზი გაუსვა, რომ ეკოლოგიასა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა აუცილებელია, თუმცა, ნებისმიერი ინიციატივა თუ კანონი უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული და სწორად დაგეგმილი.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ხალხის ძალამ“ პოზიცია მაშინაც გამოვხატეთ, როცა გაჟღერდა ინიციატივა, რომ უნდა აკრძალულიყო 6 და მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა ქვეყანაში. მთავარი ისაა, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა, რეგულაცია თუ დადგენილება უნდა აღწევდეს მიზანს. რა თქმა უნდა, ეკოლოგიური თვალსაზრისით ესაა პრობლემური საკითხი და გარემოზე ზრუნვა აუცილებელია. პროფესიიდან გამომდინარე, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩემი პირდაპირი ან ირიბი ვალდებულება იყო. შესაბამისად, შეუძლებელია ვეწინააღმდეგებოდე ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას. მთავარია, ეს სწორად გავაკეთოთ და მგონია, რომ ამ ეტაპზე გარკვეულ საკითხებს არასწორად ვუდგებით. მახსოვს, როცა უანგარო დონაციის შესახებ კანონპროექტის გადავადება მოვახდინეთ ჯანდაცვის კომიტეტში, დავსვი შეკითხვა - ხომ არ გამოიწვევდა შემოთავაზებული მიდგომა დეფიციტს. გავიდა რაღაც დრო და მივედით იქამდე, რომ ცხადი გახდა: იდეა და მიზანი კარგი იყო, თუმცა ვერ გავედით შედეგზე, რომლის მიღწევაც გვინდოდა. ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც მსგავს სიტუაციასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება იმას, რომ დადგენილება გაუქმდა, ცალსახად კარგია. მე მადლობა გადავუხადე კიდეც პრემიერს ამის გამო. ორი დადებითი მომენტია: ერთი ის, რომ აკრძალვას ჯობია არჩევანის დატოვება მოქალაქეებისთვის და ახლა უკვე მნიშვნელოვანია, თუ რა სახით იქნება ეს არჩევანი შეთავაზებული. მეორე კარგი დეტალი კი ისაა, რომ დადგენილება შეიცვალა კანონპროექტით და საკითხს ახლა პარლამენტი იხილავს. პირველად, როდესაც მე კმაყოფილება გამოვხატე და შემდეგ, როცა დეტალები გახდა ცნობილი, ვნახე, რომ სატარიფო გადასახადი კუბატურაზე იმდენად მაღალია, რომ ეს არა შემზღუდავი, არამედ ამკრძალავი მექანიზმია. ანუ შეზღუდვა უნდა იყოს იმისთვის, რომ წავახალისოთ ავტოპარკის გაუმჯობესება, მაგრამ როდესაც ასეთი ტარიფი შემოდის, ეს ფაქტობრივად აკრძალვას ნიშნავს.
ჩვენ გვინდა, რომ ამ მსჯელობაში ჩავერთოთ და სწორად დავგეგმოთ პროცესი. ამ სატარიფო ნაწილზეც გვაქვს შემოთავაზება. ეფექტი ამას ვერ ექნება, რადგან როდესაც ამკრძალავი გადასახადი შემოდის, გამოდის, რომ 6–9 წლამდე ავტომობილების საფასური იგივე იქნება, რაც 0–6 წლამდე დიაპაზონში მანქანის ღირებულება.
ჩვენს საზოგადოებაში მოსახლეობის უმეტესობა თავისი შემოსავლებით ვერ ყიდულობს ამ ღირებულების მანქანას. 0–6 წლამდე ასაკის ავტომობილები დაახლოებით 5%-ს შეადგენს შემოყვანილი ავტომობილებიდან. დაახლოებით 80 000 ავტომობილი წელიწადში რჩება ქვეყნის შიგნით — რეექსპორტს არ ვგულისხმობ. ამ ცვლილებების შემდეგ მოსახლეობის უმრავლესობა ამასაც ვერ შეძლებს. ანუ ფაქტობრივად ამოვარდება 0–6 წლამდე ასაკის მანქანები მოსახლეობისთვის, შემდეგ კი 6–9 წლამდე ასაკის ავტომობილებიც.
შედეგად, ძველი ავტოპარკი უფრო დიდხანს დარჩება და ხელოვნურად გაგრძელდება მისი სიცოცხლისუნარიანობა, რაც საბოლოოდ გამოიწვევს ავტოპარკის კიდევ უფრო დაბერებას. ანუ ეკოლოგიური თვალსაზრისით მდგომარეობა კი არ გაუმჯობესდება, არამედ გაუარესდება.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ცვეთის მაღალი ხარისხის გამო ძველი ავტომობილები ეკოლოგიურ გარემოს აბინძურებენ. რა თქმა უნდა, ცვეთის გამო გარემო ბინძურდება, მაგრამ ამას მხოლოდ ასაკი არ განაპირობებს. მინახავს დაბალი ასაკის ავტომობილიც, რომელიც ძლიერ კვამლს გამოყოფს, და არსებობს 6 წელზე მეტი ასაკის მანქანებიც, რომლებიც ტექნიკური დათვალიერებით დადასტურებულია, რომ გარემოს არ აბინძურებს.
თუ საუბარია ცვეთაზე, მაშინ რატომ მხოლოდ მსუბუქი ავტომობილები? სატვირთო ავტომანქანებს ხშირად უფრო მაღალი ცვეთა აქვთ და შესაბამისად უფრო მეტად აბინძურებენ გარემოს.
შესაძლოა განვიხილოთ ტარიფის გაზრდა, მაგრამ არა 4.5 ლარამდე. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ შემზღუდავი და არა ამკრძალავი ოდენობა — ისეთი, რომელიც წაახალისებს განახლებას და არა აკრძალვას. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც ამას აჩვენებს. არ მგონია, ვინმეს არ სურდეს ახალი ავტომობილის ყიდვა.
გაუგებარია 0-დან 6 წლამდე სატარიფო განაკვეთს რატომ ვზრდით? დავუშვათ, ეს მაღალი შემოსავლის მოქალაქეებზეა გათვლილი, რომელთაც აქვთ საშუალება, გადაიხადონ კონკრეტული თანხა - თუ მაინცდამაინც ამ პრინციპით ვუდგებით. ვფიქრობ, მიზნისთვის ესეც არასწორია. გთავაზობთ, რომ 6 წელზე უფრო ძველი მანქანებისთვის გადასახადის დიფერენცირება მოხდეს შემდეგნაირად : 7 - 8 წლამდე წლოვანების მანქანებზე გადასახადი გავზარდოთ არა 6-ჯერ, არამედ იყოს 2 ლარი; 8-დან 10 წლამდე - 2.5-ლარი, ხოლო 11-დან 12 წლამდე - 3-ლარი. ასე მოვახდენთ დიფერენცირებას. მიდგომა ერთდროულად იქნება ობიექტურიც და შედეგზე გათვლილიც. არავის არ მივადგებით ცულით და ცუდი ეფექტიც არ დადგება“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
საკითხის მომხსენებელმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ, ხუნდაძის საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საკითხის კენჭისყრა წარმოდგენილი რედაქციით მოხდებოდა, მაგრამ სამომავლოდ მზად არიან, იმსჯელონ საკითხზე და ყველა ინიციატივა თუ პოზიცია ცვლილებების მიღების პროცესში განიხილონ.
0
0