31/05/2023
10:49
სამართალი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის მდივანი დიმიტრი ჩიქოვანი „POSTV“-ის ხელმძღვანელ შალვა რამიშვილის სასამართლოში უჩივის.
როგორც ჩიქოვანმა და მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ დღეს, 30 მაისს გამართულ ბრიფინგზე თქვეს, საქმე ეხება 25 მარტს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც „პოსტ ტვ-იმ“ კორპუსში, სადაც ჩიქოვანი იმყოფებოდა, პოლიცია გამოიძახა. ჟურნალისტის თქმით, მან თითქოს გაიგონა ხმა, თუ როგორ ძალადობდა ჩიქოვანი თათია სამხარაძეზე. ეს ცნობა უარყვეს როგორც სამხარაძემ, ასევე ჩიქოვანმა.
„ამ ცილისწამებამ შელახა დიმიტრი ჩიქოვანის პატივი, ღირსება და მისი საქმიანი რეპუტაცია. მსგავსი ცილისწამება, რომ ეს არის კრიმინალი, რომ ის არის ადამიანის გამტაცებელი, რომ ის არის მოძალადე, მის პატივსა და ღირსებას, მის რეპუტაციას არსებითად ლახავს და, ამავდროულად, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს იყო ჟურნალისტის მხრიდან გავრცელებული სიცრუე.
თავად ჟურნალისტმაც კარგად იცოდა, რომ ეს იყო ტყუილი, მაგრამ ის ასრულებდა ტელეკომპანიის პროპაგანდისტულ ხაზს, კონკრეტულად საუბარია postv -ზე. სასამართლოს ძალით ვითხოვთ, რომ postv -მ თავისსავე ეთერში უარყოს ეს ცრუ, ყალბი ბრალდებები და, ამავდროულად, ვითხოვთ მორალური კომპენსაციის გადახდას“, — განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
თავად ჩიქოვანი განმარტავს, რომ მიმართავს სასამართლოს, „რათა აღდგეს ჩემი პატივი და ღირსება“.
25 მარტს „პოსტ ტვ-ის“ ეთერში სიუჟეტი გავიდა, რომელშიც ტელეკომპანია ირწმუნებოდა, თითქოს მიაკვლიეს ბინას, სადაც ენმ-ის წევრი დიმიტრი ჩიქოვანი და თათია სამხარაძე იმყოფებოდნენ. „პოსტ ტვ-ის“ ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ განაცხადა, რომ თითქოს ჰყავდა წყარო, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ ჩიქოვანმა სამხარაძეს თავისუფლება აღუკვეთა. ამის შემდეგ ბერიძემ პოლიცია გამოიძახა.
უკვე 26 მარტს „პოსტ ტვ-ის“ სხვა გადაცემაში მან ახსნა, თუ რატომ დარეკა 112-ში. მისი თქმით, თითქოს სადარბაზოში ყვირილის ხმა გაიგო. ადგილზე მივიდა პოლიცია, სხვა ჟურნალისტებიც, მათ შორის, ერთ-ერთი პირველი ტელეკომპანია „იმედიც“ იყო.
„პოსტ ტვ-ის“ მიერ გავრცელებული ცნობა უარყვეს როგორც ჩიქოვანმა, ისე სამხარაძემ. ჩიქოვანმა თქვა, რომ ბერიძე მის სახლთან რამდენიმე საათით ადრეც იყო მისული. მას შემდეგ, რაც კარი არ გაუღეს, როგორც ჩიქოვანი ამბობს, ბერიძემ „პოლიციაში ცრუ დასმენა განახორციელა“. მომხდარის შესახებ თათია სამხარაძემ განცხადება გაავრცელა, რომლითაც უარყო შალვა რამიშვილის ტელევიზიის ბრალდებები, მათ შორის, მისი გატაცებისა და მასზე ძალადობის შესახებ ცნობა.
აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა შალვა რამიშვილის ტელევიზიის მიერ თათია სამხარაძის რამდენიმედღიანი დევნა და მორალური ზეწოლა.
შალვა რამიშვილმა თათია სამხარაძესთან სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით სასამართო დავა წლების წინ წააგო და მას ჯარიმის გადახდაც დაეკისრა.
0
0