
საქართველოს 33 მოქალაქე სუდანში რჩება - ისინი ავია-კომპანიების თანამშრომლები არიან. როგორც კომპანიებში აცხადებენ, რომ დილით ვერ მოხერხდა სუდანში ჩარჩენილებისთვის საკვების და წყლის მიწოდება.
"ჩვენი თანამშრომლები ამ დროისთვის უსაფრთხოდ არიან. ერთადერთ პრობლემას წარმოადგენდა წყლისა და საკვებზე დეფიციტი, რომელზეც უკვე შეთანხმებას მიღწეულია და ჩვენი პარტნიორი კომპანია მიაწვდის. სხვა მხრივ, არის შიგადაშიგ სროლები ხან იკლებს, ხან იმატებს. მთლიანობაში ჩვენების უსაფრთხოება დაცულია. ვცდილობთ ისე დავამყაროთ კომუნიკაცია, რომ არ დაუჯდეთ ტელეფონები, იმიტომ რომ დენის პრობლემაა, გრაფიკით არის," - განაცხადა MyWay Airlines-ის გენერალურმა დირექტორმა, რატი ბაკურაძემ.
პროცესში ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყებამ მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ყოველდღიურ კონტაქტში არიან სუდანში მყოფ მოქალაქეებთან, ასევე მუშაობენ მათი მომარაგების მიმართულებით.
რაც შეეხება ევაკუაციას, ამ დროისთვის უცნობია, როდის მოხერხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა. ქართული მხარე ელოდება ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას.
უკვე ოთხი დღეა ღია ომში გადაიზარდა დაპირისპირება სუდანის სამხედრო ლიდერებს შორის. ბრძოლები ქვეყნის მთელ ტერიტორიას მოედო. ბოლო 24 საათის მთავარი სიახლე კი ის არის, რომ მხარეებმა ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს.
0
0