
დიღომში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი საფეხბურთო ცენტრი „ავაზა“ გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების გარდა, პრემიერ-მინსიტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი იმყოფებოდნენ.
ისტორიული სკოლა ქართული ფეხბურთის ლეგენდამ, მიხეილ მესხმა 1970 წელს დააფუძნა. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ინფრასტრუქტურა განახლდა, შემდეგ ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილ მეპატრონეს, კომპანია „ვისოლს“ გადაეცა.
2022 წელს სპორტული კომპლექსი თბილისის მერიამ საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა.
„ავაზაში“ მოეწყო ახალი სტანდარტული და მინი-მოედნები ტრიბუნებით, დამონტაჟდა განათება, აშენდა ადმინისტრაციული კორპუსი, მოეწყო გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა და ექიმის ოთახებით.
კომპლექსი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფიფა-ს პროგრამა FORWARD-ისა UEFA-ს პროგრამა Hattrick-ის დაფინანსებით განხორციელდა და მის მოვლა-პატრონობას სრულად ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.
ახალი ინფრასტრუქტურის გამოყენებას უფასოდ შეძლებენ ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები.
დიღმის მასივის გარდა, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე განხორციელდა თბილისის ხუთ უბანში (ვარკეთილში, გლდანში, დიდ დიღომში, ვაკეში, ნუცუბიძის პლატოზე), ასევე ფოთსა და სამტრედიაში. ამას გარდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრები ფუნქციონირებს რუსთავში, საფეხბურთო აკადემიები კი ქუთაისში, რუხში, ლაგოდეხსა და გვიმბალაურში.
0
0