08/06/2022
17:23
პოლიტიკა
პოლიტიკური ჯგუფის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი გაიმართა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და კანდიდატის სტატუსზე.
შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა მონაწილემ, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა, რომ საინტერესო დისკუსია გაიმართა.
ელჩმა ასევე განაცხდა, რომ წინასწარ პროგნოზს ვერ გააკეთებს წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებულ საკითხზე.
„მე და ჩემს რამდენიმე კოლეგა ელჩს პარტია „ლელოსთან“ ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა. ვფიქრობ, კარგია, რომ პოლიტიკური პარტიები კითხვებს სვამენ, სამოქალაქო საზოგადოებებიც იმავეს აკეთებენ, აწყობენ პლატფორმებსა და დისკუსიებს. ეს ძალიან დიდი პოლიტიკური საკითხია საქართველოსთვის და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გავცვალოთ და გამოვხატოთ საკუთარი შეხედულებები, მოვისმინოთ ქართული პოლიტიკური ძალების სათქმელი.
არ ვაპირებ მომავალზე პროგნოზის გაკეთებას. განხილვის პირობები სრულად განსაზღვრულია, რადგან გაკეთებულ წინადადებაზე კომისიის დასკვნა დადგინდება. მოგეხსენებათ, ჯერ კომისიის შეფასებაა, რომელიც წინადადებას დებს მაგიდაზე და ამის მიხედვით განიხილავს. სპეკულირება იმაზე, თუ რა შეიძლება, იყოს განხილული და რა მისიები იქნება განსახილველი, ცოტა რთულია. ასე რომ, ამ ეტაპზე არ ვარ მზად შემდგომი კომენტარების გასაკეთებლად, მაგრამ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ მაგიდაზე ბევრი შესაძლებლობაა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მზადაა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკური ძალის მხრიდან ერთგვარი ვალდებულებები იყოს“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.
კოლასი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გაფართოების დაჩქარება შეუძლებელია.
„არის კრიტერიუმები, რომლებიც დაცული უნდა იყოს. ეს კრიტერიუმები ცნობილია, მაგალითად კოპენჰაგენის კრიტერიუმი. ეს კრიტერიუმები აუცილებელია პროცესის წინსვლისთვის. ეს კრიტერიუმები იქნება საფუძველი კომისიის შეფასებისა და ამ გზაზე პროგრესის შესაფასებლად“, – აღნიშნა დიეგო კოლასმა.
0
0