
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის შეხვედრის შედეგად, ორმა ქვეყანამ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ათი ხელშეკრულება გააფორა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხელშეკრულებები ეხება თანამშრომლობას ორგანიზებული დანაშაულისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, თანამშრომლობას ჯანდაცვის, პროფესიული განათლების, შინ მოვლისა და სპორტის ინდუსტრიის სფეროებში. თანამშრომლობა ასევე მოიცავს ბრიტანეთიდან ჩინეთში ექსპორტის გაფართოებასა და ბრიტანეთისა და ჩინეთის ერთობლივი ეკონომიკური სავაჭრო კომისიის თანამშრომლობის გაღრმავებას.
როგორც კირ სტარმერმა აღნიშნა, ჩინეთთან ურთიერთობების განმტკიცება დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ინტერესებში შედის.
„ჩვენ ძალიან კარგი, პროდუქტიული სესია გვქონდა რეალური, კონკრეტული შედეგებით და ეს იყო ურთიერთობის რეალური განმტკიცება. ეს ეროვნულ ინტერესებშია და რა თქმა უნდა ჩინეთში, უზარმაზარი შესაძლებლობებია. ის მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და სწორედ ამიტომ ვართ ასეთი დიდი ბიზნესდელეგაციით წარმოდგენილი. მრავალი დისკუსია იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეგვიძლია წვდომის მოპოვება ამ შესაძლებლობებთან. ძალიან კარგი პროგრესი გვაქვს ვისკის ტარიფებზე, ჩინეთთან უვიზოდ მიმოსვლაზე, ინფორმაციულ მიმოცვლასა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე“, – აღნიშნა სტარმერმა.
0
0