
დიდი ბრიტანეთის მეფემ ჩარლზ III-მ და სამეფო ოჯახის სხვა მაღალჩინოსნებმა ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმები დაგმეს. ბუკინგემის სასახლის განცხადებით, მეფე "შეძრწუნებულია" და გმობს "ისრაელში განხორციელებული ტერორიზმის ბარბაროსულ აქტებს".
„მისი უდიდებულესობა ლოცულობს ყველა დაზარალებულისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ახლობლები დაკარგა. მისი უდიდებულესობის განცხადებით, “ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული საშინელი ტერორისტული თავდასხმები შემზარავია და მკაცრად გმობს მას.
უელსის პრინცმა და პრინცესამ ასევე ღრმა შეშფოთება გამოთქვეს ისრაელის მოვლენების გამო,“ - განაცხადა ბუკინგემის სასახლის პრესსპიკერმა.
ბუკინგემის სასახლეში ასევე აცხადებენ, რომ მეფე ჩარლზ III ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს და იორდანიის მეფე აბდულა II-ს. მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს ღრმა შეშფოთება ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გამო.
კენტერბერის მთავარეპისკოპოსმა ჯასტინ უელბიმ ასევე დაგმო „ჰამასის“ მიერ განხორციელებული "ამაზრზენი" თავდასხმები - ძალადობა უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვებისა და მოხუცების მიმართ. მან დასძინა, რომ ბრიტანელი ებრაელები, ანტისემიტური განწყობის ზრდის მოლოდინში, ასევე "ორმაგ საფრთხეს" განიცდიან.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლერლი ისრაელში გაემგზავრა. ვიზიტის მიზანი იყო „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ისრაელის ხალხის მიმართ გაერთიანებული სამეფოს ურყევი სოლიდარობის დემონსტრირება.
„ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის, სულ მცირე, 17 მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა,“ - განუცხადა BBC-ს გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურმა წყარომ.
0
0