
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა აღმოსავლეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში დიპლომატიური ტური შეწყვიტა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ივეტ კუპერი ხანგრძლივ დიპლომატიურ ტურნეში იმყოფებოდა, რომლის მიზანიც ახლო აღმოსავლეთში მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტის აღდგენის შემდგომი ნაბიჯების შესახებ კონსენსუსის მიღწევა იყო.
კუპერი საფრანგეთს, თურქეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და იაპონიას ეწვია, ტოკიოდან კი ლონდონში ნაადრევად დაბრუნდება და სპარსეთის ყურეში დაგეგმილ ვიზიტს გააუქმებს, თუმცა სამინისტროს მიზეზებზე არ უსაუბრია.
სააგენტოს ინფორმაციით კი, ამის მიზეზი გახდა აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, პიტერ მანდელსონის გარშემო ახალი სკანდალი, რომლის მიხედვითაც, მან ელჩად დანიშვნამდე უსაფრთხოების შემოწმება ვერ გაიარა, ამის შესახებ კი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მთავრობას არ შეატყობინა.
შეგახსენებთ, რომ პიტერ მანდელსონი აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩის თანამდებობას 2025 წლის 10 თებერვლიდან იკავებდა, თუმცა იმავე წლის 11 სექტემბერს სტარმერმა დიპლომატი თანამდებობიდან გაათავისუფლა ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული სკანდალის გამო.
0
0