
გამოცემა „ინდეფენდენტის“ ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრომ სუპერმარკეტებს, გარკვეული რეგულაციების შემსუბუქების სანაცვლოდ, საკვების ფასების შეზღუდვა სთხოვა.
„ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, მთავრობა სთავაზობს სუპერმარკეტებს, ნებაყოფლობით დააწესონ ფასების ზედა ზღვარი ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა კვერცხი, პური და რძე.
გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრომ სუპერმარკეტებს შესაძლოა შესთავაზოს პროდუქციის შეფუთვასთან დაკავშირებული რეგულაციების შემსუბუქება და ჯანსაღ საკვებთან დაკავშირებული ძვირადღირებული ცვლილებების გადავადება.
საპასუხოდ ბრიტანეთის საცალო ვაჭრობის კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰელენ დიკინსონმა განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა გაამახვილოს ყურადღება იმ პოლიტიკის ხარჯების შემცირებაზე, რომლებიც საკვების ფასების ზრდას იწვევს.
„1970-იანი წლების სტილის ფასების კონტროლის შემოღებისა და საცალო მოვაჭრეების იძულების ნაცვლად, რომ პროდუქცია ზარალით გაყიდონ, მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ საჯარო პოლიტიკის ხარჯების შემცირებაზე, რომლებიც პირველ რიგში საკვების ფასების ზრდას იწვევს“, – განაცხადა დიკინსონმა
მისივე თქმით, მთავარი გამოწვევა ენერგიისა და ნედლეულის გაზრდილი ფასებია.
„საცალო მოვაჭრეებისთვის მთავარი გამოწვევაა ენერგიისა და ნედლეულის გაზრდილი ხარჯები, რაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტით არის გამოწვეული, ასევე მთავრობის შიდა პოლიტიკის შედეგად მკვეთრად გაზრდილი ხარჯები“, – აღნიშნა დიკინსონმა.
დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მათი სურვილია, მეტი გაკეთდეს ოჯახებისთვის ხარჯების შესამცირებლად, თუმცა დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავეს.
„ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, ფინანსთა სამინისტრომ სუპერმარკეტებს ასევე მოსთხოვა გარანტია, რომ ფასების შეზღუდვის შედეგად ბრიტანელი ფერმერები შემოსავალს არ დაკარგავენ.
გამოცემის ინფორმაციით, ზოგიერთი რეგულაცია, მათ შორის შეფუთვასთან დაკავშირებული წესები, ხაზინისთვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. მთავრობამ ასევე ურჩია სუპერმარკეტებს, რომ რეგულაციების შემსუბუქებით მიღებული დანაზოგი სასურსათო ფასების გაყინვაში ჩადონ.
ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც აპრილში ბრიტანეთში საკვების ინფლაცია 3.7%-მდე გაიზარდა.
დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი მოსახლეობისთვის ცხოვრების გაძვირების საწინააღმდეგო ზომებს უახლოეს დღეებში წარადგენს.
მანამდე „თაიმსში“ გამოქვეყნებულ წერილში ფინანსთა მინისტრმა, რეიჩელ რივზმა აღნიშნა, რომ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც „ეროვნული ინტერესებისთვის პასუხისმგებლიანია“.
„არ დავუშვებ, რომ ვინმემ კრიზისი სწრაფი მოგების მისაღებად გამოიყენოს და ამით მშრომელი ადამიანების ხარჯზე გამდიდრდეს. ვაძლიერებ ბრძოლას ფასების ხელოვნური ზრდის წინააღმდეგ და მარეგულირებლებს ვაძლევ ახალ, მიზანმიმართულ საგამოძიებო უფლებამოსილებებს. თუ მარეგულირებლები საეჭვო პრაქტიკას გამოავლენენ, მათ წახალისება ექნებათ, საჯაროდ დაასახელონ დამრღვევები“, – აღნიშნა რივზმა.
0
0