13/05/2025
16:18

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერმა ქვეყნის მიგრაციული პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამკაცრება დააანონსა. მისი თქმით, უცხოელების დიდ ბრიტანეთში ყოფნა ავტომატური უფლება კი არა, არამედ პრივილეგია იქნება, რომელიც მათ უნდა დაიმსახურონ.
ამის შესახებ The Guardian წერს.
კერძოდ, ძირითადი ცვლილებები ასეთია:
მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად მიგრანტმა დიდ ბრიტანეთში, ხუთი წლის ნაცვლად, 10 წელი უნდა იცხოვროს. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ მათთვის, ვინც ქვეყნის ეკონომიკაში ან საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის დამტკიცებას შეძლებს.
მკაცრდება ენობრივი მოთხოვნები. კერძოდ, ყველა მიგრანტს, მათ შორის, ოჯახის ზრდასრულ წევრებს ინგლისური ენის საბაზისო დონის ცოდნა მოეთხოვება. ამან ხელი უნდა შეუწყოს უკეთეს ინტეგრაციას, ექსპლუატაციისგან დაცვასა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას.
უპირატესობა მიენიჭება მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, ანუ ექიმებს, ინჟინრებს, IT-სპეციალისტებსა და სხვა დეფიციტური პროფესიის წარმომადგენლებს გამარტივებული ნატურალიზაციის საშუალება ექნებათ.
შეიზღუდება დროებითი ვიზები: კერძოდ, დროებითი ვიზების გზით ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობა დაიხურება. ასევე, დასაქმებიდან დაწყებული განათლებითა და ოჯახური იმიგრაციით დამთავრებული, ყველა კატეგორიის ვიზებისთვის მოთხოვნები მკაცრდება.
ცვლილებები სტუდენტებსა და სოციალური მუშაკებსაც შეეხება. კერძოდ, უცხოური უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს ქვეყანაში 2 წლის ნაცვლად მხოლოდ 1,5 წელი შეძლებენ დარჩენას. ამასთან, სოციალური მომსახურების სექტორში უცხოელების დასაქმება აიკრძალება. კვალიფიციური მუშაკის ვიზისთვის (Skilled Worker Visa) უმაღლესი განათლების დიპლომი იქნება საჭირო.
დამრღვევებისთვის ჯარიმები დაწესდება. კერძოდ, დამსაქმებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც მიგრაციის წესებს დაარღვევენ, ფინანსურად დაისჯებიან.
მთავრობა მიგრაციული კვოტების შემოღებას აღარ გეგმავს, რადგან წინა მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო.
BBC-ის ცნობით, ინიციატივა, სავარაუდოდ, დამტკიცდება, რადგან ლეიბორისტულ პარტიას პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს. თუ პარლამენტი გეგმას მხარს დაუჭერს, ცვლილებები ძალაში 2026 წლიდან შევა.
ცნობისთვის: 2022–2023 წლებში დიდ ბრიტანეთში სუფთა მიგრაციამ, თითქმის, ერთი მილიონი ადამიანი შეადგინა, რაც, 2019 წელთან შედარებით, ოთხჯერ მეტია. იმის მიუხედავად, რომ 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის ივნისამდე ეს მაჩვენებელი 728 000-მდე შემცირდა, ჯანდაცვის ეროვნული სამსახური, განათლების სისტემა და საბინაო ბაზარი ზედმეტად გადატვირთული იყო.
0
0