
დღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 17 წელი შესრულდა. ვიხსენებთ მათ, ვინც ამ ომს შეეწირა და ასევე ყველა იმ იძულებით გადაადგილებულ პირს, რომლებსაც რუსეთის აგრესიის გამო საკუთარი სახლების მიტოვება მოუწიათ, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეთ უორდმა განაცხადა ვიდეომიმართვაში, რომელსაც ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
ელჩის თქმით, დიდი ბრიტანეთი კვლავ მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას.
„ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ამ აგვისტოს ერთი წელი შესრულდა, რაც მე დავიწყე ჩემი საქმიანობა როგორც მისი უდიდებულესობის ელჩმა საქართველოში. ამ პერიოდში ვეწვიე სოფელ ერგნეთს, რომელიც მდებარეობს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან სამხრეთ ოსეთში, ასევე ვეწვიე ენგურის ხიდს, რომელიც რიონზე გადადის აფხაზეთის მიმართულებით. მქონდა შესაძლებლობა, მესაუბრა უბრალოდ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებთან, ქალ ელჩებთან მშვიდობისთვის, რომლებიც ადმინისტრაციულ ხაზთან მდებარე სოფლებში ცხოვრობენ. ასევე ახალგაზრდებთან გალის რეგიონიდან. საკუთარი თვალით ვიხილე ომის შედეგად გაყოფილი საზოგადოების გავლენა, ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
უკვე 30 წელიწადზე მეტია, დიდი ბრიტანეთი საქართველოსთან ერთად მუშაობს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებასა და ესკალაციის თავიდან აცილების კუთხით. დიდ ბრიტანეთს სურს, იხილოს წარმატებული, ერთიანი საქართველო, რომელსაც შეუძლია უსაფრთხოების პარტნიორების თავისუფლად არჩევა. ვწუხვართ, როდესაც საქართველოს მთავრობა აკრიტიკებს ევროპის ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის აგრესიის შეკავებას უკრაინასა და ევროპაში.
დიდი ბრიტანეთი მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოსთან საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასამყარებლად. სწორედ ამას იმსახურებს ქართველი ხალხი“, – განაცხადა ელჩმა.
0
0