
სტრასბურგმა საია-ს სარჩელის განხილვა დაიწყო. ორგანიზაცია სარჩელში საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევაზე საუბრობს, თუმცა არ დაკმაყოფილდა მათი მთავარი მოთხოვნა, რომელიც დროებითი ღონისძიების სახით არჩევნების შედეგების გაუქმებას ეხებოდა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მომჩივან მხარეს უარი უთხრა და საკითხზე არ იმსჯელა. სასამართლოს საქმისთვის პრიორიტეტი არ მიუნიჭებია. სარჩელი სტანდარტული პროცედურით, დაჩქარების გარეშე განიხილება.
მმართველ გუნდში თვლიან, რომ სასამართლოს კითხვების ფორმულირება, კონკრეტული მტკიცებულებების, საზღვარგარეთ უბნების რაოდენობისა და საია-ს, როგორც დამკვირვებლის დავის უფლებაზე, პირდაპირი მინიშნებაა, რომ სასამართლოს მომჩივანთა არგუმენტებში ეჭვი შეაქვს. უმრავლესობაში სვამენ კითხვას, - რატომ დაუმალა საია-მ საზოგადოებას სტრასბურგის უარი დროებით ღონისძიებაზე?
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ, დიდი ალბათობით, ახალი პროცესიც მოგებით დასრულდება.
"მივიდნენ და მისცეს ჩვენებები, მიიტანეს რამე? - ვერაფერი ვერ მიიტანეს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ ვითარებაში იგივე ძალის მქონე მტკიცებულებებს მიიტანენ სტრასბურგშიც და, სავარაუდოდ, ისევე შეიძლება დამთავრდეს [საქმის განხილვა], როგორც დასრულდა მათი სხვა ვოიაჟები სტრასბურგში. დიდი ალბათობით, ჩვენ კიდევ ერთხელ, ახალ პროცესსაც მოვიგებთ და ყველა კარგად დაინახავს, რომ მოუმზადებლად, მტკიცებულებების გარეშე, სტრასბურგში წასვლა კრახით მთავრდება,"- აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.
0
0