
დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ:
"დიდგორის ბრძოლამ ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში უაღრესად დადებითი როლი ითამაშა, მაგრამ დიდგორის მითმა კი აშკარად უარყოფითი.
400 ათასიანი არმიის ძლევის ამბავი თავის დროზე ალბათ ყველამ დავიჯერეთ. ამას კიდევ უამრავი სხვა მითი დაემატა. როგორც წესი, ბრძოლის ველზე ერთი ქართველი ათამდე "ურჯულოს" ეომებოდა ხოლმე. ეომებოდა და იმარჯვებდა. თუკი ვერ იმარჯვებდა, ეს ან "ღალატის" (!!!) ბრალი იყო, ან იმის რომ ერთ ქართველზე უკვე ათი კი არა, ოცი ურჯულო მოდიოდა.
როგორც წესი, გაუგებრად რჩებოდა რა მიზეზით გვესხმოდა თავს ამდენი მტერი. გაუგებარი იყო რა იდგა "ღალატის" უკან.
ამ მითების გავრცელებაში ლომის წილი აქვს "უქარქაშო ხმლებს." არ მინდა მისი ავტორი დავაკნინო. ალბათ სჯეროდა იმის, რასაც წერდა. როცა ეს წიგნი გამოვიდა მთელ ქართველ ერს თავში ჰქონდა ავარდნილი ("რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!"). ეს განაპირობა საბჭოთა კავშირის მმართველობაში ქართველების არაპროპორციულად დიდმა როლმა, საბჭოთა კავშირის კვალობაზე მაღალმა ცხოვრების დონემ (ცხადია, კორუფციის ხარჯზე), ქართული კულტურის (განსაკუთრებით კინოს) აყვავებამ. ამას მოგვიანებით დაემატა "დინამოს" წარმატებები, რუსთაველის თეატრის გასტროლები, შევარდნაძის საგარეო მინისტრად დანიშვნა.
ამ პირობებში აშკარად გაჩნდა მოთხოვნა "უქარქაშო ხმლების" მსგავს წიგნზე და ის გამოჩნდა კიდეც.
ქართველი ერი ამ მითებით გაბრუებული შეხვდა 1980-იანი წლების ბოლოს და საბჭოთა კავშირის ნგრევის დასაწყისს. ბალტიისპირეთის რესპუბლიკებისგან განსხვავებით, ჩვენ მომავალი დამოუკიდებლობისათვის საერთოდ ვერ მოვემზადეთ. ეკონომიკაზე მსჯელობა ლამის ღალატად ითვლებოდა ("ჩაი და ბორჯომი გვარჩენს, რა დროს ამაზე ლაპარაკია!").
ვერ დავლაგდით ვერც აფხაზებთან და ვერც ოსებთან და შესაბამისად, ვერ გავანეიტრალეთ მათზე მოსკოვის გავლენა. ბალტებს უზარმაზარი რუსული უმცირესობები ჰყავდათ, მაგრამ მათ პრობლემები არ და ვერ შექმნეს. აქ ყველანაირი უბედურება მივიღეთ რაც კი შეიძლებოდა.
ასე ემართება ერს, რომელიც მითებით იკვებება.
უბედურება ისაა, რომ მითოლოგიზაციის პროცესი ახლაც გრძელდება და მან დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდიც მოიცვა, რომელზეც უტყუარი მასალები არსებობს და რომელიც ძალიან ბევრს კარგად გვახსოვს.
მაგრამ უტყუარი მასალები და სანდო წყაროები არაა საკმარისი მითოლოგიისგან გათავისუფლებისათვის. ამას კიდევ ერთი რამ სჭირდება - ერის მზადყოფნა სიმართლე მოისმინოს, მიიღოს და გაიაზროს", - წერს თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში.
0
0