-share.jpg)
დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი დისტრიბუციის მანქანის მძღოლსა და მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს შორის გზის დათმობასთან დაკავშირებით წარმოიშვა.
დაშავებული მამაკაცი დისტრიბუციის მანქანის მძღოლია, ის ფეხის არეში ცივი იარაღითაა დაჭრილი და კლინიკა „ვივამედშია“ გადაყვანილი.
როგორც კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული, თუმცა, მას ოპერაციული ჩარევა არ დასჭირვებია და ამბულატორიული მკურნალობისთვის დღესვე გაეწერება.
„28 წლის მამაკაცი ჩვენთან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ იქნა შემოყვანილი. ის კონსულტირებული იქნა ქირურგის მიერ, მარცხენა ქვემო კიდურის ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნება, პირველადი ქირურგიული დამუშავება ჩატარდა, ჭრილობის არსებობის გამო, იმუნიზაცია გაკეთდა, ასევე ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პაციენტი ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერება. ქირურგიული ჩარევა ჭრილობის დამუშავების კუთხით დასჭირდა“, - განაცხადა ჩხაიძემ.
სამართალდამცავებს გამოკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი დაჭრილი მამაკაცის მეწყვილეც. უცნობია, დააკავეს თუ არა, პირი, რომელმაც მამაკაცს დანა დაარტყა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
0
0