
დიდი ბრიტანეთის მთავრობა თავშესაფრის მაძიებელთა ყველაზე მასშტაბურ რეფორმას იწყებს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
მედიის ცნობით, რეფორმის ფარგლებში თავშესაფრის მაძიებელთა სტატუსი დროებითი გახდება, ხოლო მუდმივ საფუძველზე ქვეყანაში დარჩენის მსურველთათვის ვადა გაოთხმაგდება და 20 წლამდე გაიზრდება.
დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ შთაგონებას დანიის მიდგომიდან იღებენ, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია.
რეფორმის ფარგლებში გაუქმდება კანონიერი ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებდა თავშესაფრის მაძიებლებისთვის გარკვეულ მხარდაჭერას, მათ შორის საცხოვრებლის უზრუნველყოფას და ყოველკვირეული შემწეობის გადახდას.
საშინაო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, შაბანა მაჰმუდის თქმით, ეს ზომები გავრცელდება თავშესაფრის მაძიებლებზე, რომლებსაც შეუძლიათ, იმუშაონ, მაგრამ არ სურთ. მისი თქმით, ზომები ასევე მათ შეეხებათ, ვინც კანონს არღვევს.
საშინაო საქმეთა სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ ლტოლვილთა დაცვა დროებითი იქნება, რეგულარულად გადამოწმდება და გაუქმდება, თუ მშობლიური ქვეყანა უსაფრთხოდ ჩაითვლება.
„ჩვენი სისტემა განსაკუთრებით გულუხვია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, სადაც ხუთი წლის შემდეგ ადამიანი ფაქტობრივად ავტომატურად ხდება დასახლებული ამ ქვეყანაში. ჩვენ ამას შევცვლით“, – განაცხადა მაჰმუდმა.
0
0