
ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა, დევიდ ლემიმ ძალიან კონკრეტული პასუხი გასცა, რომ საგარეო უწყება ზედმიწევნით სწავლობს ივანიშვილის რეჟიმის კორუფციულ სქემებს და მათ შორის, აქვს აქტიური კონტაქტი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, სადაც ოფშორულ კომპანიებში დიდი რაოდენობის აქტივებს მალავს პირადად ივანიშვილი, ისევე როგორც მასთან დაახლოებული პირები, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომელიც პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ვიზიტით ბრიტანეთში იმყოფება.
მისი თქმით, ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესების აუცილებლობა განიხილეს.
„ჩვენ ახლა გამოვედით შეხვედრიდან, ბრიტანეთის საგარეო უწყებაში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი საუბრები გვქონდა, მათ შორის იმაზე, რომ მოხდეს სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების უკან გაწვევა, მაგრამ ასევე განვიხილეთ ფინანსური სანქციების დაწესების აუცილებლობა ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე იმისთვის, რომ ქვეყანა დავუბრუნოთ დემოკრატიული განვითარების გზას,” - განაცხადა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
0
0