ჩვენ ვართ მიუღებლები, ჩვენ უნდა დაგვაშორონ ჩვენივე ერს, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ დღეს ვთამაშობთ ფარის ფუნქციას და ეს ფარი უნდა დაეცეს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა აშშ-ის მხრიდან დღეს გამოცხადებული სანქციების მიზნებზე საუბრისას.
თეა წულუკიანის განცხადებით, ბევრი თვეა, მიმდინარეობს მთავარი მიზნის მიღწევისთვის ბრძოლა და ეს მიზანი ხელისუფლების და ერის დაშორებაა.
„თითქოს, ჩვენ ვართ ფენომენები, რომლებისაც არც დასავლეთი გვესმის, არც არაფერი ვიცით, ვართ მიუღებლები. ჩვენ უნდა დაგვაშორონ ჩვენივე ერს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ დღეს ვთამაშობთ ფარის ფუნქციას და ეს ფარი უნდა დაეცეს. ეს ხელისუფლება არ არის იდეალური, რა თქმა უნდა, არც ერთი ხელისუფლება არ არის იდეალური, მაგრამ ვინც არ უნდა ამბობდეს ამას, სამარცხვინოა იმის თქმა, რომ ეს ხელისუფლება არის ბევრად უარესი, ვიდრე წინა. ფაქტების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ვინც გვისმენს, იმან კარგად იცის, რატომ არის სამარცხვინო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მან აშშ-ის მიერ დღეს გამოცხადებული სანქციების მიზნებზეც ისაუბრა.
„დღევანდელი სანქციები მიზნად, ჩემი აზრით, ისახავს იმას, რომ შექმნან და გააღრმაონ უფსკრული ხელისუფლებასა და ხალხს შორის, რაც აქამდე ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ ის უმცირესობა, რომელიც არის ქუჩაში, რა თქმა უნდა, არ არის საზოგადოების ფართო მასების აზრი. როდესაც ეს მოხდება, ასეთი ხელისუფლება მარტივი წასაქცევია და შემდეგ რა მოხდება? ხალხი დარჩება პირისპირ იმ საფრთხეებთან ფარის გარეშე, რომელი საფრთხეების არიდებასაც ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ვცდილობთ და დღემდე წარმატებასაც ვაღწევთ, რადგან საფრთხე არ რეალიზდა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები ოფიციალურად გამოაცხადა. სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება სასანქციო სიაში მოხვედრილი პირების ოჯახის წევრებს.
0
0