
დღეს, 31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, 1991 წლის რეფერენდუმიდან კი დღეს 33 წელი გავიდა.
საქართველოს პირველი პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული გმირი, მეცნიერ-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, 1939 წელს ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში დაიბადა.
1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურდა იმავე წლის 26 მაისის საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი დამაჯერებელი გამარჯვებით. 1991 წლის დეკემბერს ოპოზიციამ საქართველოს ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო სამხედრო გადატრიალება. 1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდია და მისი ხელისუფლების წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თბილისი. ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის მიწვევით, გამსახურდია თავის გარემოცვასთან ერთად გროზნოში ჩავიდა.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1993 წლის 31 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
1991 წლის 31 მარტს კი გაიმართა რეფერენდუმი კითხვით: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“ კითხვას ამომრჩეველთა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა - 3,672,403 ამომრჩევლიდან 3,295,493-მა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.
9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. 1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები.
0
0