
დღეს, ყველაზე აქტუალური არის უვიზო მიმოსვლის თემა, ევროკავშირთან ურთიერთობაში „ახალი ინსტრუმენტი“, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას საქართველოს წინააღმდეგ- ვხედავთ, რომ გააქტიურდნენ, არაერთხელ ახსენა ეს თინა ბოკუჩავამ და სხვებიც ახსენებენ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება არის ერთ-ერთი, რასაც ისინი მოელიან. ამ სიკეთით სარგებლობს საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს ის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკოსები, რომლებმაც მანდატებზე „ქუჩიდან თქვეს უარი, ამ თემას ბრიუსელში აქტიურად ლობირებენ”.
„დღეს ყველაზე აქტუალური არის უვიზო მიმოსვლის თემა, ევროკავშირთან ურთიერთობაში „ახალი ინსტრუმენტი“, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას საქართველოს წინააღმდეგ და შეიძლება იყოს გამოყენებული იმიტომ, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის ის ორგანიზაციებიც და ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებმაც დღეს უკვე ქუჩიდან უარი თქვეს მანდატებზე, ქართველი ხალხის არჩევანზე და ჩართული არიან ქუჩის პოლიტიკაში, ბრიუსელში აქტიურად ლობირებენ ამ თემას. შარშან, სხვადასხვა ვიზიტის დროს, მათ შორის მახსოვს იყო სამადაშვილი, ბრიუსელში ვაშაძე, თუ არ ვცდები, ზურა-გირჩია ჯაფარიძეც და აქტიურად მუშაობდნენ იმ ღონისძიებებზე, რაც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ, იგივე საქართველოს წინააღმდეგ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის ჩამონათვალი, რაც გაკეთდა, ყველანაირად მიმართული იყო საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად. მაშინ, თუ გახსოვთ, ჰქონდათ იდეა, რომ გააქტიურებულიყო უვიზო მიმოსვლის შეჩერების იდეა და რაღაცნაირად, ევროპულმა მხარემ ეს იდეა გვერდით გადადო. ალბათ, სადღაც საღი აზრიც არსებობდა, რომ ეს არის რეალურად სასჯელი ქართველი ხალხისთვის და ის არ უნდა ამოქმედებულიყო. უვიზო მიმოსვლა არის მართლაც ძალიან დიდი მონაპოვარი, რომლითაც არ შეიძლება, რომ არ ვიამაყოთ ჩვენ, როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ 2012 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში.
რეალურად, დღეს საჭირო იყო თემა, რომელიც გავლენას მოახდენდა არჩევნებზე. ეს მოახდენს გავლენას, თუ არ მოახდენს, მეორე საკითხია. ასევე ეგონათ, კანდიდატის სტატუსის არმიცემით ამოყირავდებოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, შეიცვლებოდა ხელისუფლება და ეს იქნებოდა რევოლუციის საფუძველი. ასეთივე შეიძლება ეგონოთ და იყვნენ ამ აზრის მხარდამჭერები, შეიძლება ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ და რაღაცნაირად არის რეზერვში. ვხედავთ, რომ გააქტიურდნენ, არაერთხელ ახსენა ეს თინა ბოკუჩავამ და სხვებიც ახსენებენ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება არის ერთ-ერთი, რასაც ისინი მოელიან, რომ გამოყენებული იქნება საქართველოს წინააღმდეგ და არა, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ამ სიკეთით სარგებლობს საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს ის“-განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, ბოჭორიშვილმა ისაუბრა პერიოდზე, როდესაც ის წინა მოწვევის პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
„ევროკავშირთან ურთიერთობები და ის გამოცდილებაა განსაკუთრებით საინტერესო პოლიტიკურად და იმ კონტექსტში, რა კონტექსტზეც დღეს ჩვენ გვაქვს საუბარი. ალბათ წარსული გამოცდილება განაპირობებდა იმას, რომ მე, როგორც პარლამენტის წევრს, მეკავა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია და ოთხი წლის განმავლობაში, მქონდა შესაძლებლობა, რაღაც წვლილი შემეტანა ამ ქვეყნის უსაფრთხოებაში, პირველ რიგში და ამ ქვეყნის ევროინტეგრაციაშიც.
ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ეს ოთხწლიანი პერიოდი, განსაკუთრებით, იმ გამოცდილებით, სადაც თვალსაჩინოდ გამოჩნდა საფრთხეებიც, გამოწვევებიც, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ყოველთვის იდგა, მაგრამ უფრო მეტად გამოჩნდა ამ ოთხი წლის განმავლობაში. კარგად გამოჩნდა, რა პროცესები მიდის საქართველოსთან დაკავშირებით და ვინ, რას აკეთებს ამ პროცესში.
სამწუხაროა ერთი მხრივ, როდესაც ხედავ, რომ შენივე კოლეგები, შენს გვერდით მსხდომი ადამიანები, რომლებსაც ასევე ჰქვიათ ქართველი პოლიტიკოსები, გამალებით არიან სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული. ნამდვილად არ არის ეს სასიამოვნო სანახავი და არ ვიცი, როგორ შეიძლება ბედნიერებას გგვრიდეს. ორ დელეგაციაში, რომლებსაც ვხელმძღვანელობდი (ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (EU-GEORGIA PAC) დელეგაცია და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის (EURONEST PA) დელეგაცია), იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებსაც ჰქონდათ სამართლებრივი საფუძველიც და შესაძლებლობაც, გარკვეული საქმიანობა განეხორციელებინათ, თუმცა, ეს საქმიანობა არასდროს ყოფილა საქართველოს სასარგებლოდ მიმართული,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0