
22 მარტი ტაქსის მძღოლების საერთაშორისო დღეა. თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, შალვა ოგბაიძე, მძღოლებს პროფესიულ დღეს ულოცავს და საქართველოში, ტაქსის პირველი ნებართვის აღების ისტორიაზე წერს.
"დღეს ტაქსისტების საერთაშორისო დღეა და გავიხსენოთ როგორ იწყებოდა ჩვენს ქვეყანაში ეს მეტად მძიმე და საპასუხისმგებლო პროფესია გასული საუკუნის გარიჟრჟზე.
მოგითხრობთ ისტორიას, რომელიც პირველი ავტომობილების გამოჩენას და საქართველოში ტაქსის პირველი ნებართვის აღებას უკავშირდება..
საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებული ერთერთი პირველი ავტომობილი აზნაურ ვარლამ გვათუას შეუძენია. თავად-აზნაურს ,,ნამესტნიკისთვის“ ნებართვაც კი უთხოვია სენაკი-ფოთის მარშრუტზე ამ ავტომობილით მგზავრების გადაყვანაზე.
აზნაურმა ვარლამ გვათუამ მანქანის ყიდვა ლიკანში მცხოვრებ ნიკოლოზ რომანოვსაც კი დაასწრო (ამ უკანასკნელმა 10-ცხენისძალიანი და 4- ადგილიანი „მორსი“ პარიზიდან მძღოლიანად გამოიწერა) და ეს ავტომობილი დიდი ზარ-ზეიმით ჩაიყვანა სენაკში თავის ნათესავთან-ჭიჭიკო იოსავასთან. საჭესთან თავად იჯდა, გამოწერილი მძღოლი სულაც არ დასჭირვებია. თან თავადები - ფარნაოზ და ბარდალი მხეიძეები და ფოტოგრაფიც იახლა, რომელსაც სენაკში მისი ზარ-ზეიმით შესვლა უნდა აღებეჭდა.
დღეს პირველი ტაქსის სრულმასშტაბიანი მაკეტის სენაკის ერთ მოედანს ამშვენებს. მადლობა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს და სენაკის მერიას ისტორიის გაცოცხლებისა და ზრუნვისათვის", - წერს ოგბაიძე.
0
0