
„ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომელსაც ვერც რეპრესიები და ვერც საარჩევნო ნომრის წართმევა შეაჩერებს, ეშინიათ ყველაფრის, რაც კავშირშია მიხეილ სააკაშვილთან და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ იდეას ვერ აკრძალავთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შემდეგი ნებისმიერი დემოკრატიული არჩევნების დროს ხუთი ნომერი დაუბრუნდება თავის კანონიერ პატრონს.
„დღეს ივანიშვილის სათამაშომ და 4 ოქტომბრის დაგეგმილი რუსული სპეცოპერაციის ადმინისტრატორმა, ბატონმა კალანდარიშვილმა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო ნომერი 5-ის ჩამორთმევის შესახებ გვაუწყა, რომელიც აქამდე ჩვენთვის გაუგონარ პარტიას – „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ უბოძეს. 4 ოქტომრის ფარსზე, ესეც საუკეთესოდ მიუთითებს, სადაც 5 ნომერიც კი ფეიქ პარტიას მიანიჭეს. საერთოდ არ გვაინტერესებს მათი გადაწყვეტილებები და ვხედავთ, რა საცოდავ დღეში არიან. გიორგი კალანდარიშვილს გვინდა, მივმართოთ, ეს გადაწყვეტილება დააბინაოს იქ, სადაც წარმოუდგენია, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ინახება და, სადაც წულუკიანის დასკვნაც უნდა მოითავსონ, აუცილებლად. ეს კარგად გვაქვს გააზრებული რა ბრძოლაში ვართ. „ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ არის იდეა, რომელსაც ვერც იურიდიული გაუქმება, ვერც პერსონალური რეპრესიები, ვერც დაპატიმრება, ვერც ფინანსური ბლოკადა, ვერც საარჩევნო ნომრის წართმევა შეუშლის ხელს, რომ მიაღწიოს დასახულ მიზანს და გაათავისუფლოს საქართველო. გააზრებული გვაქვს, რა ბრძოლაში ვართ. ყველაფრის ეშინიათ, რაც კავშირშია მიხეილ სააკაშვილთან და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ იდეას ვერ აკრძალავთ. საარჩევნო ნომრის დაკარგავა, არაფერია იმ საფრთხესთან შედარებით, რასაც ჩვენი სამშობლოს დაკარგვის საფრთხე ჰქვია და ეს სავსებით რეალურია. ვხედავთ, საქართველო კარგავს ფუნქციას, საქართველო კარგავს იდენტობას. საერთოდ არ გვაინტერესებს 4 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის ბიულეტენზე, ვინ იქნება წარმოდგენილი და რა ნომერით იქნება წარმოდგენელი. დარწმუნებული ვართ, რომ შემდეგი ნებისმიერი დემოკრატიული არჩევნების დროს დემოკრატიული სტატუს კვო აღდგება და ხუთი ნომერი დაუბრუნდება მის კანონიერ პატრონს, იქამდე კი, საქართველოა დასაბრუნებელი, ჩვენი ქვეყანაა დასაბრუნებელი, ჩვენი გმირების ღირსებაა დასაცავი, ივანიშვილის რეჟიმია დასასრულებელი“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საარჩევნო ნომრის წარმთმევა კიდევ ერთი დასტურია, „რატომ არ უნდა მიიღოს არცერთმა პატრიოტმა მონაწილეობა 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში და დადგეს იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი – დადგეს ქუჩაში, რადგან დღეს საქართველოს სჭირდება რევოლუციური ცვლილებები, რომელსაც ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად მოვიტანთ და ამაში ხელს ვერავინ და ვერაფერი შეგვიშლის“.
ცნობისთვის, ცესკო-ში განაცხადეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი არ გააკეთეს, რის გამოც საარჩევნო ნომრები არ შეუნარჩუნდათ.
0
0