12/08/2023
10:20
სპორტი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს, 12 აგვისტოს თბილისის საერთაშორისო თასზე პირველ მატჩს გამართავს. მისი მეტოქე იორდანია იქნება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.
ამ შეჯიბრების მონაწილე ოთხი გუნდი ნახევარფინალებში დაწყვილდა და გამარჯვებულები ფინალში 13 აგვისტოს ითამაშებენ. დამარცხებულები მესამე ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
1/2-ფინალური წყვილები:
14:05 მონტენეგრო VS ირანი
18:50 საქართველო VS იორდანია
მწვრთნელის, ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა შეკრება 21 ივლისს დაიწყო. იტალიაში, ლიეტუვასა და ლატვიაში სამი საკონტროლო მატჩი გამართა (ეგვიპტესთან, ლიეტუვასთან და ლატვიასთან) და სამივეში დაარცხდა.
„მართალია, იორდანიასთან მატჩი საკონტროლო ხასიათისაა, მაგრამ იმედი მაქვს, დარბაზი, როგორც ყოველთვის, გაივსება და ჩვენი თამაშით გულშემატკივარს გავახარებთ.
რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, იორდანიის ნაკრები კარგად ორგანიზებული, სწრაფი გუნდია. დაცვაში კალათბურთელები მაღალ დონეზე ურთიერთქმედებენ. ამიტომ, იოლი თამაში არ გველის“. - განაცხადა ზუროსმა.
იორდანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის წინ გამოცდილი ამერიკელი ფორვარდით გაძლიერდა: რონდე ჰოლის-ჯეფერსონს სხვადასხვა დროს უთამაშია „მინესოტაში“, „ბრუკლინსა“ და „ტორონტოში“. ბოლო წლებში აზიის ქვეყნებში მოგზაურობს და ბოლო სეზონი ფილიპინებზე ჩაატარა, სადაც საშუალოდ 30.4 ქულას აგროვებდა.
ჰოლის-ჯეფერსონს თუ არ ჩავთვლით, იორდანიის ნაკრებში სულ სამი ლეგიონერია – დარ ტაკერი არგენტინის „ბოკა ხუნიორსში“ თამაშობს, ჰასემ აბასი – საუდის არაბეთის „ალ ჰილალში“, ხოლო აჰმად ალ-დვაირი – თურქეთის „ბურსასპორში“.
იორდანია მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა, ურთულეს ჯგუფში მოხვდა. მისი მოწინააღმდეგეები იქნებიან აშშ, საბერძნეთი და ახალი ზელანდია.
ისტორიაში თავისთვის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო F ჯგუფშია კაბო ვერდეს, სლოვენიისა და ვენესუელას ნაკრებებთან ერთად. ჩვენი ჯგუფის მატჩებს იაპონიის ქალაქი ოკინავა უმასპინძლებს.
წყარო: საქართველოს პირველი არხი
0
0