
რა მიიჩნევა ქვეყნისთვის ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად? - სუს-ის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს დღეს დეპუტატები, უწყების ხელმძღვანელისგან მოისმენენ. დოკუმენტის წარდგენის შემდეგ გრიგოლ ლილუაშვილი კანონმდებელთა შეკითხვებს უპასუხებს.
ოპოზიცია სუს-ის მიერ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის საქმეზე აპირებს ყურადღების გამახვილებას, ისინი ასევე სვამენ შეკითხვას - რატომ ხდება მოსკოვისა და "ქართული ოცნების" ინტერესების თანხვედრა?
სუს-ის მუშაობის სტანდარტები აკმაყოფილებს მმართველ გუნდს.
ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა კვლავ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წლისთვის ცხინვალის რეგიონში - 44, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში კი 13 პირის უკანონო დაკავება მოხდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ რუსულ საოკუპაციო ბაზებზე უწყვეტად მიმდინარეობდა უკანონო სამხედრო წვრთნები. კვლავ გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაცია და მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა მიმდინარეობდა. დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ 2022 წელს რუსეთის პოლიტიკამ კიდევ უფრო კომპლექსური სახე მიიღო და ის ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონების საკითხის ირგვლივ მიმდინარე პროცესებითა და ოკუპირებული რეგიონების რუსეთზე ფინანსური დამოკიდებულებით გამოვლინდა.
0
0