06/11/2023
14:34
ეკონომიკა
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მომდევნო მოწვევის პარლამენტის დეპუტატებისთვის ხელფასების სავარაუდო ზრდასთან დაკავშირებით მისი ინიციატივა, არა ხელფასების ზრდა, არამედ კანონმდებლების ანაზღაურების 2017 წელს დადგენილ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანაა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დეპუტატებს ხელფასები 2013 წლის შემდეგ არ გაზრდიათ, მეტიც, პარლამენტის აპარატის 50 თანამშრომელს ზოგიერთ კანონმდებელზე მეტი ხელფასიც კი აქვთ.
„ეს არ არის ხელფასის ზრდა, ეს არის შესაბამისობაში მოყვანა იმ კოეფიციენტებთან, რომელიც 2017 წელს დადგინდა. მაშინ პარლამენტმა პარლამენტის წევრების ანაზღაურება ამ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში არ მოიყვანა. პარლამენტის აპარატში ეს განხორციელდა. დღეს პარლამენტის აპარატის 50 თანამშრომელს უფრო მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე პარლამენტის წევრს, დეპუტატს. ეს დისპროპორცია არსებობდა. მათ შორის ასეთი რეაქციებისგან თავის არიდების გამო, წინა პარლამენტები თავს იკავებდნენ ასეთი შესაბამისობაში მოყვანისგან. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ამის ინიციატორი ვარ მე. მნიშვნელოვანია, რომ როცა ხალხის რჩეულებზე გვაქვს საუბარი, რომლებიც იღებენ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, აქ ანაზღაურება იყოს კანონმდებლობის შესაბამისი. საუბარი რომ არ იყოს, ეს ინიციატივა არა მიმდინარე მოწვევის დეპუტატებს, არამედ მომავალ პარლამენტს შეეხება. ხალხიც ასე აირჩევს მომავალი პარლამენტის წევრებს რა პოზიცია, რა ხელფასი ექნებათ. ეს არის შესაბამისობაში მოყვანა. რაც შეეხება მთავრობას და სხვა საკითხებს, ვერ გეტყვით, ნახვა უნდა. ეს დისპროპორციები, გარკვეული სახით, არსებობს. პარლამენტში ეს არსებობდა, ვერ გეტყვით სხვა სტრუქტურებში როგორ არის.
ეს არის ნაწილი მთლიანი პროცესის. იცით, რომ საჯარო სექტორში ანაზღაურება, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 30 %-ით გაიზარდა. იცით, რომ ძალოვანი უწყებების თანამშრომლების პენსიების ზედა ზღვარმა აიწია. ყველგან ხდება პროპორციულად შესაბამისობაში მოყვანა. 2013 წლიდან პარლამენტის წევრების ანაზღაურება არ შეცვლილა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან, პარლამენტის დეპუტატებს, სავარაუდოდ, ხელფასი გაეზრდებათ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, თუკი ცვლილება მიღებული იქნება, პარლამენტის წევრების ანაზღაურება, რომელიც ახლა 4 000-დან 7 000-ლარის ფარგლებში მერყეობს, 8 000-დან 10 000 ლარამდე გაიზრდება.
0
0