24/12/2024
22:14
პოლიტიკა
დღეს პოლიტიკური სპექტრი, ოპოზიცია საჭიროებს გასხვლას, სხვაგვარად ვერც კი წარმომიდგენია, რომ შესაძლებელი იყოს არსებითი გადატვირთვა, ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენ მივაღწიოთ შედეგს , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
არმაზ ახვლედიანის თქმით, “ტოტალური გაყალბების” მიუხედავადაც კი ოპოზიციას არჩევნებზე გაცილებით უკეთესი შედეგი უნდა ჰქონოდა.
„რა არის აქ გამოსავალი? მე ვიტყვი, რომ აქ გამოსავალი არის ერთადერთი, მეურნე კაცი სწორედ ახლა, დეკემბერში ფიქრობს იმაზე, რომ აუცილებელია როცა გაზაფხული დადგება, გასხლას თავისი ბაღი. დღეს პოლიტიკური სპექტრი, ოპოზიცია საჭიროებს გასხვლას. სხვაგვარად მე ვერც კი წარმომიდგენია, რომ შესაძლებელი იყოს არსებითი გადატვირთვა, ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენ მივაღწიოთ შედეგს, რომელიც საზოგადოების იმ ნაწილს, რომლის გარეშეც დიდი გამარჯვების მიღწევა შეუძლებელია, დარაზმავდა ახალი გადატვირთული ოპოზიციური სპექტრის ირგვლივ და პრეზიდენტის ძალიან სწორ იდეებს, პროექტს და გეგმას რეალიზებაში ხელს შეუწყობდა“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
კითხვაზე, გასხვლაში გარკვეული პოლიტიკური ფიგურების პოლიტიკური ველიდან გასვლას გულისხმობთ?, არმაზ ახვლედიანი პასუხობს, რომ დიახ, რადგან სხვაგვარად ოპოზიციურ ფრონტზე ნდობა ვერ გაჩნდება.
რახ შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილის მისაღებია, თუმცა ოპოზიციამ მას ეს გადაწყვეტილება უნდა მიაღებინოს.
0
0