06/05/2022
18:28
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის” წევრის ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, „ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალური წერილით მიმართა, რომელშიც მაისის ბოლოს, ბრიუსელში პარტიის ყრილობაზე ჩასვლა და სიტყვით გამოსვლა სთხოვა.
ეკა ხერხეულიძემ დონალდ ტუსკის წერილის საპასუხოდ მიხეილ სააკაშვილის წერილი გააჟღერა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, არ ახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ „დაპატიმრებული პოლიტიკოსი ასე დემონსტრაციულად მიეწვიათ ყრილობაზე”.
მისივე განცხადებით, არ იცის მისცემს თუ არა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ან ხელისუფლება ამ ყრილობაზე დასწრების უფლებას, მაგრამ ასეთი მორალური მხარდაჭერისთვის მათთვის მადლობის გადახდა სურს.
„დღეს მივიღე დონალდ ტუსკის წერილი ევროპის ყველაზე დიდი - სახალხო პარტიის სახელით, რომელსაც აქვს დიდი გავლენა ევროკავშირის სტრუქტურებში, ყველა დონეზე. მიწვევენ მათ ყრილობაზე მაისის ბოლოს, მთავაზობენ ჩასვლას და სიტყვით გამოსვლას. მე არ მახსენდება სხვა პრეცედენტი, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსი ასე დემონსტრაციულად მიეწვიათ მათ ყრილობაზე. ეს ნიშნავს, რომ მათ არ ავიწყდებათ არც უკრაინა და არც საქართველო, ამ ორი ქვეყნის კონტექსტში კი მე. ჩემთვის ეს დიდი პატივია, არ ვიცი მომცემს თუ არა ჩემი ჯანმრთელობა, ან ხელისუფლება ამ ყრილობაზე დასწრების უფლებას, მაგრამ მინდა მადლობა გადავუხადო მათ ასეთი დიდი მორალური მხარდაჭერისთვის”, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
0
0