
გიორგი ტყემალაძე და მიხეილ ჩხენკელი სკოლის დირექტორთან ერთად მოსწავლეების მშობლებსაც შეხვდნენ და ბავშვების საჭიროებები პირადად მოისმინეს.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ომს გამორიდებული უკრაინელი ოჯახების მხარდაჭერა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, მათ ცხოვრების კომფორტული პირობები შეუქმნას.
„დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ომს გამორიდებული უკრაინელი ოჯახების მხარდაჭერა და დახმარება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათ შევუქმნათ ცხოვრების კომფორტული პირობები. დარწმუნებული ვარ, უკრაინაში სულ მალე მშვიდობა დაისადგურებს და სამშობლოში დაბრუნებულ უკრაინელ ბავშვებს, საქართველოსთან დაკავშირებული უამრავი სასიამოვნო მოგონება დარჩებათ,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
შეხვედრაზე უკრაინელი მოსწავლეების მშობლებს მოაწოდეს ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 215 მოსწავლე უკვე ჩარიცხულია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.
აღსანიშნავია, რომ უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს ფსიქოსოციალურ საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური. აღნიშნული სერვისი მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით სრულიად უსასყიდლოდ არის ხელმისაწვდომი.
0
0