
„დღეს ჩვენი თაობის ვალია, შევისწავლოთ ჩვენი ძირი, თუ საიდან მოვდივართ, ვიყოთ მხნე აღმსარებლები დღევანდელობაში ჩვენი ტრადიციული რწმენისა, ვიყოთ მოქალაქენი იმ კეთილგონიერი მსოფლიოსი, რომელსაც არ უყვარს ომი და უყვარს ღმერთი მშვიდობისა. ვიყოთ მომავალი მსოფლიოს ღირსეული წევრები, რომლებმაც დღეს უნდა ავაშენოთ მომავალი სამშობლო“, - ამის შესახებ აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა სვეტიცხოვლის ტაძარში ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე ქადაგებისას განაცხადა.
„დღეს ჩვენ, უფალს შევავედრეთ მეფე ერეკლეს უკვდავი სული, ეს არის ნამდვილად ჩვენი თითოეულის აღმსარებლობაც და აღიარებაც, მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ დღესაც საქართველოში, განსაკუთრებით თელავში, ძალიან ბევრ პატარას არქმევენ ირაკლის და ერეკლეს ეს არის მადლიერი თაობის მადლიერების გამოხატვა, თავისი დიდი წინაპრის მიმართ.
უშეცდომო ადამიანი არ არსებობს, ალბათ თითოეულ ჩვენთაგანსაც გვიგრძვნია ან გამოგვიცდია, სიყმაწვილის ასაკში სხვანაირად ფიქრობს ადამიანი, ხოლო სიბერისას, როდესაც ბევრი განსაცდელი თუ შეცდომა, თუ გამარჯვება, ღვთის მოწყალებით იხილა, მაშინ ის სხვანაირად იწყებს ფიქრს.
ამბობენ, მეფეს 80 ჭრილობა ჰქონდა სხეულზე, ე.ი სულ ცოტა 60 დიდი ომი მაინც აქვს გადახდილი. საქართველო წარსულშიც, დღესაც და მომავალშიც გვწამს იქნება ბურჯი, დამცველი იმ დანარჩენი მსოფლიოში, რომელიც ჩვენგან, ევროპისკენ არსებობენ.
და ასევე, ჩვენი ისტორიული კავშირი აღმოსავლეთთან დიდი იყო და ამ ფესვსაც გამოღვიძება, გამაგრება სჭირდება, რადგანაც ჩვენ აღმოსავლეთის ეკლესიის წევრნი ვართ, მათგან გვისწავლია და დღეს, ჩვენთვის სანუკვარის და სანატრელი წმინდანის, წმინდა გიორგის ბევრი ცხოვრებისეული ხელნაწერილი თუ აპოკრიფული ნაწერები, დარჩენილია აღმოსავლეთ სამყაროში, წმინდა მიწაზე, არაბულ ხელნაწერებში.
დღეს ჩვენი თაობის ვალია, შევისწავლოთ ჩვენი ძირი, თუ საიდან მოვდივართ, ვიყოთ მხნე აღმსარებლები დღევანდელობაში ჩვენი ტრადიციული რწმენისა, ვიყოთ მოქალაქენი იმ კეთილგონიერი მსოფლიოსი, რომელსაც არ უყვარს ომი და უყვარს ღმერთი მშვიდობისა. ვიყოთ მომავალი მსოფლიოს ღირსეული წევრები, რომლებმაც დღეს უნდა ავაშენოთ მომავალი სამშობლო“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ქადაგებისას.
ცნობისთვის, 4 ივნისს, სვეტიცხოვლის ტაძარში ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღესრულა.
0
0