
პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის შეფასებით, აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებით სურს თავისი გაიტანოს და ავტორიტეტი აიმაღლოს.
როგორც ჩიტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებები არის ანტიდემოკრატიული ხასიათის.
„რუბიოს განცხადება, პირველ რიგში, არის ანტიამერიკული, ანტიდემოკრატიული ხასიათის განცხადება, როდესაც ერთ ქვაბში ხარშავს უკრაინას და რუსეთს. იგივე არის ილონ მასკის განცხადება, სადაც ამბობს: „შეწყვიტეთ სისხლისღვრა“, ორივე მხრიდან ძალადობის დაგმობას ჰგავს.
ადამიანი, რომელიც ამბობს, არც „რუსეთი მინდა, არც დასავლეთი“, ჩანს რომელ მხარეს დგას. როდესაც ბოროტსა და კეთილს ერთ ქვაბში ხარშავ, ძალიან რთულია რაციონალური აზრი გამოიტანო.
ტრამპის მიზანია, თავისი გაიტანოს. მან განაცხადა: როდესაც პრეზიდენტი გავხდები, ომს 1 კვირაში დავასრულებ, ამით სურს მისი ავტორიტეტი ამაღლდეს. ამერიკელი გადამხდელების ფული მიდის უკრაინაში, ომი უნდა შეჩერდეს იმისთვის, რომ ფული მოხმარდეს რიგით ამერიკელს, თითქოს, ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე სურს მშვიდობამ დაისადგუროს“, - განაცხადა ჩიტაძემ.
კითხვაზე, რასაც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია აკეთებს, ასხამს თუ არა „ქართული ოცნების“ ინტერესებზე წყალს, პოლიტოლოგი პასუხობს, რომ „კი, „ოცნების“ ინტერესებზე ასხამს წყალს, მაგრამ არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე“.
„რაღაც საბაბი მიეცათ ისაუბრონ იმაზე, რომ „დიფ სთეითი“ არსებობსო და ა.შ. დღეს არც ამერიკას სცალია საქართველოსთვის, არც ევროპას. პროცესებმა გადაიწია, ამიტომაც ამერიკა-ევროპის ურთიერთობაზეა ყურადღება გადატანილი, ბუნებრივია „ქართული ოცნებისთვის“ მისაღებია ეს ვითარება, რადგან ძალაუფლებას ინარჩუნებენ“, - აცხადებს ჩიტაძე.
0
0