18/02/2023
11:58
სპორტი
დღეს, 18:00 საათზე, ბაკურიანში ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნება, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ბაკურიანი 2023“-ში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. ფრისკის, ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე სპორტსმენებმა ბოლო მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს.
„ასეთი მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სანდოობისა და იმიჯის თვალსაზრისით. ერთი, რომ საერთაშორისო მედიის ცენტრში ჩვენი ქვეყანა სამი კვირის განმავლობაში მოხვდება და მეორე, 42 ქვეყნიდან სპორტულ გუნდებს თან ახლავს თავისი გულშემატკივარი. ბაკურიანი სავსეა, როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივი ტურისტით“, - განაცხადა ომიაძემ.
სნოუბორდში, ფრისტაილსა და ფრისკიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას სულ 6 ქართველი სპორტსმენი იღებს, მათი ნაწილი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონებისთვის საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას 19 თებერვალს ეცდება.
მსოფლიო პირველობის პარალელურად, ბაკურიანში ჩასული მოთხილამურეებისა და სტუმრებისთვის გასართობი ღონისძიებებიცაა დაგეგმილი.
დაბაში ამისთვის სპეციალური სოფელიც მოეწყო, სადაც კონცერტების გარდა ზამთრის სახეობაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასული მოქალაქეებისთვის სპეციალური სივრცეებია მოწყობილი.
ღონისძიების უსაფრთხოებაზე ქართველი სამართალდამცველები მუშაობენ. კრიმინალური პოლიცია დაბა ბაკურიანში 24 საათის განმავლობაში ახორციელებს დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებს. ჩემპიონატი 5 მარტს დასრულდება.
0
0