01/01/2024
19:38
ეკონომიკა
საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 3 ნოემბერს აზარტული თამაშების სექტორის დაბეგვრის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებების კანონპროექტის განხილვები მოჰყვა.
შედეგად 2024 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილება N 3902-XIIIმს-Xმპ რომელიც ეხება სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირებისა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწყობი პირებისა და, ასევე, მოთამაშის მიერ სათამაშო ანგარიშიდან ან სალაროდან გატანილი თანხების დაბეგვრის საკითხებს, რაც იმას გულისხმობს, რომ თუკი აქამდე სექტორის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, ის 15%-მდე გაიზრდება, მოქალაქეთა მიერ მოგებული თანხის გატანა კი 2%-იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნული იყო, რომ „2024 წლის მიხედვით, სავარაუდო ფინანსური შედეგი აღნიშნული პირებისათვის მდგომარეობს მათ მიერ გადასახადების სახით ბიუჯეტში დამატებით 400 მილიონი ლარის გადახდაში, მათ შორის, აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირებისგან და სათამაშო ანგარიშიდან თანხის გატანიდან ფინანსური ეფექტი შეადგენს დამატებით 250 მილიონ ლარს, ხოლო სათამაშო აპარატების სალონის მომწყობ პირთაგან და ამ სალონების სათამაშო ანგარიშიდან თანხის გატანიდან - 150 მილიონ ლარს”, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლიდან სექტორის წარმომადგენლებისთვის შემდეგი ცვლილებები შედის ძალაში:
სათამაშო აპარატების მომწყობ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის განისაზღვრა საშემოსავლო და მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, რომელიც წარმოადგენს მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობას.
სათამაშო აპარატების მომწყობ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადის ნაწილში განისაზღვრა გადასახადის განაკვეთი და შეადგენს 15%-ს, ხოლო გადასახადის გადახდის და დეკლარირების საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.
ცვლილების მიხედვით სათამაშო აპარატების თამაშობებში (რომელიც არ არის მოწყობილი სისტემურ-ელექტრონული ფორმით) მონაწილე პირის მიერ თამაშობაში მონაწილეობის შედეგად გატანილი თანხა იბეგრება გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით. გატანილი თანხების გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება კი ეკისრება სათამაშო აპარატების სალონის მომწყობ პირს, რომელიც მოთამაშეზე გასცემს თანხას.
ამასთან ცვლილება შევიდა აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობ პირთათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადის განაკვეთებში და ნაცვლად 10 პროცენტისა განისაზღვრა 15%.
ასევე შეიცვალა საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მოგებიან თამაშობებში (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილე პირთათვის და ნაცვლად 2%-ისა განისაზღვრა 5%-ის ოდენობით.
ცვლილების სანახავად იხილეთ ბმული
bm.ge
0
0