30/10/2024
22:53
პოლიტიკა
დეზინფორმაციაა, თითქოს ეუთო/ოდირმა არჩევნები სიტყვებით „თავისუფალი და სამართლიანი“ უნდა შეაფასოს, რათა ის შემდგარად ჩაითვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის თქმით, ამ დეზინფორმაციას 2020 წელს ოპოზიცია ავრცელებდა, თუმცა ბოლოს მათაც მოუწიათ უარყოფა.
„ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან ჩემი შეხვედრისას ამ მოსალოდნელ დეზინფორმაციაზეც მქონდა საუბარი და მივიღე მკაფიო დასტური, რომ ეს არ არის ტერმინი, რომელსაც ეუთო/ოდირი თავის ანგარიშში იყენებს.
ამიტომ არის, რომ არც აშშ-ის, არც საფრანგეთის, არც პოლონეთის, არც ბელგიის და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მოლდოვის არჩევნები მას „თავისუფალ და სამართლიან“ არჩევნებად არ შეუფასებია.
ეუთო/ოდირს რისი თქმაც უნდოდა, გასაგებად თქვა, რომ ქართველ ხალხს ჰყავს არჩეული ხელისუფლება.
ყველამ, შინ და გარეთ, პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს.
„ქართული ოცნების“ 54% და 1 119 908 ამომრჩევლის ხმა საკმაოზე მეტად მკაფიო და მჭექარეა, რომ ვინმემ მისი წაყრუება სცადოს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ეუთო-ს სპეციალურმა კოორდინატორმა, პასკალ ალიზარდმა თბილისში 27 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება გამოწვევებს და საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებთან“.
0
0