
ევროპელი პარტნიორები განსაკუთრებით ხაზს უსვამენ სამ საკითხს: დეპოლარიზაცია, მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა - ამ მიმართულებით კრიზისს „ქართული ოცნება“ ქმნის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით გზავნილები აჩვენებს, რომ ევროპელები ხედავენ, რომ „ქართული ოცნება“ საბოტაჟს უწყობს ევროინტეგრაციას.
„ყველაფერს თავი რომ დავანებით, ნიკა გვარამია უკვე ერთი წელია ციხეში ზის ისეთი მსუბუქი დანაშაულისთვის, რომლისთვისაც არავინ ზის ციხეში. ხომ შეიძლება გამოუშვან, უზენაესმა გამოუშვას ან პრეზიდენტმა გამოუშვას?! მაგრამ ასეთი ქმედებებით ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ საბოტაჟს უწყობს საკუთარ მოქალაქეებს ევროინტეგრაციის გზაზე. ევროპელები ამას ხედავენ“, - განაცხადა კორძაიამ.
ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მივმართავთ ნიკა გვარამია შეიწყალოს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს და შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს. საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვას ხელი 20-მდე ევროპარლამენტარმა მოაწერა.
0
0